დღეს აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავა.
მათ ნაწილს უკვე შეხვდნენ ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავების დროს მათი დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიციამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ერთ-ერთი დაკავებულის, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ მიმართა სპეცალურ საგამოძიებო სამსახურს და გამოძიების დაწყება მოითხოვა როგორც არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ასევე ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლაზე.
ტაბატაძის თქმით, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარება, რადგან ტელეოპერატორს აღენიშნება არაერთი დაზიანება, მათ შორის, თვალის არეში, აქვს ტკივილი ნეკნების არეში.
სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.
კიდევ ერთი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ ზაჰესის იზოლატორში მოინახულა სამი ადამიანი: ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსანდრე ქავთარაძე, რომელთაც პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანის ცემაზე დაკავებულებმა უამბეს.
„ნაცემები არიან, ქავთარაძეს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. მას მანქანაში ჩასმის შემდეგ დაარტყეს სახეში. ასევე არის ავსაჯანიშვილი, რომელსაც ასევე აღენიშნება დაზიანებები. ეს ყველაფერი დაშინების მცდელობაა, ეს ნიღბიანი პოლიციელები არ არიან სამართალდამცავები, ისინი არიან კრიმინალები. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ“, – განაცხადა ტყეშელაძემ.
ალექსანდრე ქავთარაძის უფლებას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იცავს.
„მის მიმართ გადამეტებული ძალაა გამოყენებული. ავტომანქანაში ჩასმის მომენტში ერთ-ერთმა დამკავებელმა, მას უთხრა, ხომ დაგაკავეთო, უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც ეტყობა“, – ამბობს ლონდარძე.
„დაზიანებები აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა არის მხნედ, როგორც კი დატოვებს იზოლატორს, ისევ შეუერთდება მშვიდობიან მანიფესტანტებს“, – განაცხადა კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი.
დაკავებული 16 პირიდან 3 ხელწერილის საფუძველზე განთავისუფლდა, 10 ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული, 3 კი – დიღმის სამმართველოში.