მდინარაძე ბორელის განცხადებაზე: ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს, რა „ტექნიკური მისია"?

პუბლიკა

„რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაცა? უბრალოდ რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს ტექნიკური მისია”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ინიციატივას საქართველოში არჩევნების შემსწავლელი ტექნიკური მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები  და „კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს”.

„ასეთი ფორმატი მსოფლიოში არ არსებობს. რაღაცა ფორმატი მოიგონა ვიღაცამ. რა „ტექნიკური მისია“? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაცა? ჯერ საერთაშორისო გამოძიებაო, მერე მიხვდნენ რომ აბსურდი იყო […] რა საერთაშორისო გამოძიება? ქვეყნის სუვერენიტეტი გადაშალეს, თითქოს დაფაზე ცარცით დაწერილი იყოს? შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო ქვეყნის შეურაცხყოფა […]

ახლა საუბარია რაღაც ტექნიკურ მისიაზე. ვინმემ იცის განმარტება?  უბრალოდ რაღაც რომ უნდა თქმულიყო, ყველაზე რბილი ფორმა მოიფიქრეს რაღაც ტექნიკური მისია.

ვისთან ვთანამშრომლობთ? რას ვთანამშრომლობთ? ჯერ გაგვარკვიონ, ტექნიკური მისია რა არის. ვინ ჩამოდის? კუბილიუსია ტექნიკური მისია? ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით?  რაზე არის ლაპარაკი არავინ არ იცის, არც თვითონ არ იციან ამ განცხადების ავტორებმა რა ტექნიკური მისია იქნება, აწი მოიფიქრებენ.

საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები  და კვაზი და უპრეცედენტო ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს”, – განაცხადა  მდინარაძემ.


18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ საქართველოში გამოგზავნიან მისიას, ასევე მიიწვევენ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებზე სასაუბროდ.

ბორელმა შეკითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოაგზავნიან, რათა ყურადღებით შეისწავლონ, რა მოხდა არჩევნებზე.

მან ასევე განმარტა, რა იქნება მისიის მიზანი:

„შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, – განაცხადა მან.