თავაძე: ვგმობთ ნებისმიერი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე ამბობს, რომ გმობენ ნებისმიერი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. „ფორმულას“ ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ აღნიშნულ განცხადებას პარტიის სახელით აკეთებს.

„აქციასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას როდესაც ეს არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად არანაირი საპოლიციო ძალები არ უნდა იქნეს გამოყენებული. [ამის პარტიის სახელით თქმა იყო თუ არა საჭირო, ამას გეკითხებით] გეთანხმებით, რომ იყო საჭირო, შეიძლება იყო უკვე გაკეთებული ან ვერ ნახეთ ან მე ვერ ვნახე, ან შეიძლება იქნება. მე თუ დამერწმუნებით, რასაც მოგახსენებთ, ეს პოზიცია პარტიის პოზიციაა. პარტიის სახელით ვაკეთებ ამ განცხადებას, შეგიძლიათ ასე აღიქვათ“, – თქვა ზაზა თავაძემ.

თავაძემ თქვა, რომ უერთდებიან და მხარს უჭერენ პრეზიდენტის გეგმას, რომელიც მან საზოგადოებას გუშინ გააცნო. მისივე ცნობით, პარტიის წევრები მონაწილეობენ მიმდინარე აქციებში, მათ შორის თავადაც:

„ჩვენ ვართ ყველა მშვიდობიან აქციაზე სადაც ჩვენი ამომრჩეველია, სადაც ხალხია და სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიერ მიტაცებულ, გაყალბებულ არჩევნებს და ამ ქვეყნის ავტოკრატიად და პოლიციურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ზოგ აქციაზე ვთქვათ ვიქნები მე და შეიძლება სხვა ლიდერები, ზოგ აქციაზე იქნება გიორგი გახარია და იყო ასეთიც, გინახავთ თქვენ“.

თავაძის თქმით, პარტიის წევრებმა გუშინ ბრიუსელში პარტნიორებს გააცნეს მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები.

„[არჩევნების შესაძლო გაყალბების] მტკიცებულებების შეგროვების პროცესი კი დასრულდა, მაგრამ ამ მტკიცებულებების გადაცემის და გაცნობის პროცესი მიმდინარეობს პარალელურად ჩვენ პარტნიორებთან. ,მაგალითად, ჩვენ ახლახან, ვიყავით ბრიუსელში, გუშინ და ჩვენ პარტნიორებს გავაცანით ის მტკიცებულებები და მოსაზრებები, რაც ჩვენ გვაქვს“, – თქვა თავაძემ.