სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, რომელმაც ირანში უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, სამართლებრივი საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს. ამის შესახებ BBC ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა“, – განაცხადა მან.
ნოემბრის დასაწყისში სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა სტუდენტის გოგონას შესახებ, რომელმაც თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც „მორალის პოლიციამ“ „ჰიჯაბის არასწორად ტარებაში“ დაადანაშაულა და, როგორც სხვადასხვა მედიაგამოცემა წერს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ისიც, რომ სტუდენტი დააკავეს და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. მოგვიანებით, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გოგონა „პრობლემური ინდივიდია“ და იგი სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს.