ავტორი: ელიზაბეტ მაკბრაიდი, ნინო შურღაია
აფრიკისთვის ენდემური ბაობაბის ხეები ადრეც გაუტანიათ საქართველოში ექსპორტზე – ისინი ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიტანა, თუმცა მოგვიანებით მისი რვავე ბაობაბი გახმა.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, ერთ-ერთ საწყობში, ხუთი დიდი ბაობაბის ხე რჩება. ეს აფრიკისთვის ენდემური სახეობაა, რომელსაც 2 000 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. საწყობის მფლობელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ხეები იქ რჩება, სანამ ხელისუფლება საქართველოში მათი დაგეგმილი ექსპორტის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს.
სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადებით, ხეები საქართველოში უნდა გაეტანათ, თუმცა მათ ექსპორტზე გატანისთვის საჭირო ლიცენზია არ ჰქონდათ. დეპარტამენტმა ექსპორტის განმახორციელებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა, თუმცა მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია.
ბაობაბის ხეები საქართველოში ადრეც გაუტანიათ ექსპორტზე, რასაც დავა მოჰყვა, ხოლო მოგვიანებით ხეები დაიღუპა. 2024 წელს რვავე ბაობაბი, რომლებიც 2023 წელს კენიიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩაიტანეს, მომდევნო წელს გახმა. პარკი მილიარდერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ხეების მოყვარულმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. პარკმა ხეების დაღუპვაში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) დაადანაშაულა.
„სამწუხაროდ, ამ უნიკალურმა მცენარეებმა გადატანილი სტრესის გამო შედეგები იწვნიეს და საქართველოს მიწაში დარგვიდან 6–7 თვის შემდეგ რვავე ბაობაბი გახმა“, – წერდა პარკი მაშინ.
„ხეები მოიპოვეს ლიმპოპოს პროვინციაში, უოტერბერგის ოლქში, ლეფალალეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ევროპაში, საქართველოში ექსპორტი იგეგმებოდა“, – განაცხადა DFFE-მ დურბანში მდებარე ხეებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 27 ივლისს ექსპორტის განმახორციელებელმა უწყებას მიმართა ლიცენზიის მისაღებად, რომელიც ხუთი დაცული ხის ამოღებას, ფლობას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და შეძენას მოიცავდა.
თუმცა, დეპარტამენტმა განმარტა, რომ განაცხადი 2026 წლის 31 ივლისს უარყო, რადგან საკითხი სისხლის სამართლის გამოძიების საგანია და უწყება უკუქცევითი ძალის მქონე ლიცენზიას არ გასცემს სავარაუდოდ უკანონო ქმედებების შემდგომი დაკანონების მიზნით.
„განმცხადებელმა 2026 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომელსაც ამჟამად სააპელაციო საკითხებზე პასუხისმგებელი ადმინისტრატორი განიხილავს“.
საწყობის მფლობელმა, კომპანია Africa Global Logistics-მა (AGL), OC Media-ს განუცხადა, რომ როგორც კი მათთვის „მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ გახდა ცნობილი, ხეების დაგეგმილი გადაზიდვა შეაჩერეს.
AGL-ის განცხადებით, კომპანია „არ არის ხეების მფლობელი, ექსპორტის განმახორციელებელი ან ნებართვის მფლობელი და არც ლიმპოპოდან ხეების ამოღებაში ან მათ გადაადგილებაში მონაწილეობდა. საჭირო ლიცენზიების, ნებართვებისა და მარეგულირებელი ორგანოების თანხმობების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა მფლობელსა და ექსპორტის განმახორციელებელს ეკისრებოდა“.
DFFE-ს ჯერ არ დაუსახელებია პირები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს, ან ხეების მფლობელი და ექსპორტის განმახორციელებელი. თუმცა, უწყების განცხადებით, ნებისმიერი პირი, რომელიც ასეთი ხეების „ფლობაში, შეგროვებაში, ამოღებაში, ტრანსპორტირებაში, ექსპორტში, შეძენასა თუ გაყიდვაში“ მონაწილეობს, „პირველი კატეგორიის დანაშაულს სჩადის“.
საწყობის მფლობელმა OC Media-ს განუცხადა, რომ „AGL შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობდა და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით AGL-ის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდება არ წარდგენილა. ვინაიდან შესაბამისი პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, AGL სხვა მხარეების ქმედებებსა თუ სამართლებრივ მდგომარეობაზე კომენტარს არ გააკეთებს“.
ბაობაბის ფონდის დამფუძნებელმა, დოქტორმა სარა ვენტერმა ადგილობრივი გამოცემა Daily Maverick-ის მიერ გადაღებული ფოტოები შეაფასა. სწორედ ამ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია ხეების აღმოჩენის შესახებ. ვენტერის ვარაუდით, ხეები „დიდი ალბათობით, 200-დან 300 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ“.

„ბაობაბის ხე სრულწლოვანებას ხშირად მხოლოდ 200 ან 300 წლის შემდეგ აღწევს. ისინი ძალიან ნელა იზრდებიან“, – განმარტა მან. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს.
„მათ 2 000 წლამდე შეუძლიათ სიცოცხლე. იცით, როდესაც ბაობაბის ხეს ბუნებრივი გარემოდან იღებთ — დავუშვათ, ის 200 ან 300 წლისაა – თქვენ ამ გარემოს ართმევთ რესურსს, რომელიც იქ კიდევ 1 000 წლის განმავლობაში შეიძლებოდა დარჩენილიყო“.
ვენტერმა ასევე ისაუბრა იმ ზარალზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და ეკონომიკა ამ ხეების დაკარგვით განიცდის.
„ადგილობრივები ნაყოფს საკვებად იყენებენ, თესლს – საკუთარი სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად […] და საკვებად, ასევე ბოჭკოს მისაღებად. ქერქისგან კი ხალიჩებსა და კალათებს ქსოვენ. ადამიანებს შეუძლიათ ასობით წლის განმავლობაში მოაგროვონ მისი ნაყოფი ისე, რომ ხე არ დააზიანონ. ნაყოფისგან ბაობაბის ფხვნილს ამზადებენ. თუ ინტერნეტში ბაობაბის ფხვნილს მოძებნით, ნახავთ, რომ მას სუპერპროდუქტად მიიჩნევენ. დღეს ის მთელ მსოფლიოში იყიდება, როგორც სუპერპროდუქტი, და გამოიყენება სასმელებში, წვენებში, იოგურტებში, შოკოლადში, ჯანმრთელობისთვის განკუთვნილ სასმელებსა და ენერგეტიკულ სასმელებში.
ამ ყველაფრის განსაკუთრებული ღირებულება ის არის, რომ ეს ხე მხოლოდ აფრიკაში იზრდება, ამიტომ მისგან მიღებული სარგებელი ადგილობრივ მოსახლეობას უბრუნდება. ნაყოფის შეგროვებისა და გაყიდვის შესაძლებლობა ბევრი ადგილობრივისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს“.
ვენტერმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ბაობაბების მოვლა-პატრონობის საკითხზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სუკულენტური მცენარეების „ამოძირკვა და სხვაგან გადარგვა ტექნიკურად საკმაოდ მარტივია“.
„საქართველოში ამ ხეების სიცოცხლის შენარჩუნების მხრივ კარგი გამოცდილება არ არსებობს“, – განაცხადა მან და 2024 წელს დაღუპულ რვა ხეზე მიუთითა.
საწყობის მფლობელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ხეები დურბანის საწყობში დარჩება.
„AGL-ს არ აქვს უფლებამოსილება, გადაიტანოს ან გასცეს ხეები მანამ, სანამ შესაბამისი მარეგულირებელი პროცედურები და სისხლისსამართლებრივი პროცესები არ დასრულდება. კომპანიას არ შეუძლია ცალმხრივად იმოქმედოს ისე, რომ ეს ხელისუფლების მითითებებს ეწინააღმდეგებოდეს ან მიმდინარე პროცესებზე გავლენას ახდენდეს.
AGL შეშფოთებულია ხეების შენარჩუნების საკითხით და მათი მოვლის, გადაადგილების ან გატანის შესახებ კომპეტენტური ორგანოების ნებისმიერ კანონიერ მითითებას შეასრულებს“, – განაცხადა საწყობის მფლობელმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.