„სარჩელი ეყრდნობა ჭორებს და პოლიტიკურ მანიპულაციას“ — რა თქვა წითლიძემ საკონსტიტუციოში

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე სარჩელის განხილვა 27 ოქტომბერს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა.

წითლიძის განცხადებით, სასამართლოში წყდება, სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებასა და კონსტიტუციური პროცესის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას შორის. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და „პოლიტიკური ჭორი, მითი და მანიპულაციაა“.

ანა წითლიძის განცხადებით, „სასამართლო დარბაზში წყდება, თუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას, დაიწყოს კონსტიტუციური წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროცესი, და მის უფლებამოსილებას შორის, გამოიყენოს ეს პროცესი სამართლისა და პოლიტიკური ისტორიის გადასაწერად და პოლიტიკური ოპონენტების ასაკრძალად“.

წითლიძემ თქვა, რომ ის არ ცდილობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსულისგან გაათავისუფლოს – როგორც თქვა, პირიქით, მზად არის, ისაუბროს პარტიის მიერ მიღებულ ყველა ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის მძიმე გადაწყვეტილებებზეც.

მისი შეფასებით, მიუხედავად ამისა, პარტიების აკრძალვის მოთხოვნის დამადასტურებელი სამართლებრივი არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი არ არის.

„არჩევნების კრიტიკა და ბოიკოტი პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება“

ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ სარჩელში მოყვანილ მტკიცებებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხა.

მან მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე ხელისუფლების კრიტიკას, არჩევნების შედეგების გაპროტესტებასა და ბოიკოტს სახელმწიფო წესრიგის ხელყოფად წარმოაჩენს, როცა„მრავალპარტიულ დემოკრატიაში საარჩევნო პროცესების შეფასება, ხმების დაცვა და გაყალბებული არჩევნების არაღიარება ოპოზიციის მთავარი უფლება და მოვალეობაა საქართველოს მოქალაქეების წინაშე“.

„თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა“, – თქვა მან. 

წითლიძემ ასევე უპასუხა სარჩელში მოყვანილ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, საერთო მიზნების დასახვა და ალიანსის შექმნა, მათ შორის არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის უარყოფის გამო, ერთიანი განზრახვით განხორციელებულ საბოტაჟად ფასდება.

მისი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება კონსტიტუციური ნორმაა და საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას, თანამშრომლობას, კოალიციების შექმნასა და საერთო მიზნების დასახვას აღიარებს.

„განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა არ არის საბოტაჟი. თუ ოპოზიცია ერთიანდება ქვეყანაში არსებული ავტორიტარული ტენდენციებისა და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, ეს კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმა კი არა, ამომრჩევლის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის შესრულებაა – სარჩელის მიზანი ალტერნატიული პოლიტიკური აზრის კანონს მიღმა დატოვებაა“, – თქვა მან.

წითლიძე გახარიას, ღარიბაშვილისა და 2021 წლის მემორანდუმის შესახებ

ანა წითლიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა, როდის გაემიჯნა პარტია გიორგი გახარიას „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. მისი თქმით, გახარიას არ გამიჯვნია და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურა. წითლიძის განცხადებით, პარტია არც ირაკლი ღარიბაშვილს გამიჯვნია 5 ივლისის მოვლენების შემდეგ და, პირიქით, მას ძალადობის დროს ღიად უჭერდა მხარს.

წითლიძემ ასევე უპასუხა სარჩელში ნახსენებ 2021 წლის მემორანდუმს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიასთან გააფორმა და რომლის მიხედვითაც, მხარეებს ერთმანეთის წინააღმდეგ კანდიდატები არ უნდა დაეყენებინათ.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა ნუგზარ ფუტკარაძის საქმე და სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გაუჩინარების შემთხვევაც გაიხსენა.

ნუგზარ ფუტკარაძე იყო ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მალევე პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი, სადაც საუბარი იყო ნუგზარ ფუტკარაძეზე შესაძლო ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაზე.

რაც შეეხება „ენმ-ის“ წევრს სენაკში – ანა წითლიძის თქმით, ის საკრებულოს სხდომამდე ერთი დღით ადრე გაუჩინარდა, ორი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაიტაცეს. წითლიძის განცხადებით, მათ საგამოძიებო ორგანოებს მიმართეს, თუმცა საქმით არ დაინტერესებულან.

მან ასევე ჩამოთვალა პირები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას პარტიის წევრები ან მხარდამჭერები იყვნენ, ახლა კი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. წითლიძის შეფასებით, ეს გარემოებებიც აჩვენებს, რომ სარჩელი სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია და პოლიტიკური მანიპულაციის ხასიათს ატარებს.

აფრასიძეების, როინ შავაძის, გირგვლიანისა და სხვა საქმეები

ანა წითლიძემ სარჩელში მოყვანილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეც განიხილა და განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა კონკრეტული და უტყუარი სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.

აფრასიძეების საქმეზე მან აღნიშნა, რომ გამოძიება წლების განმავლობაში აფრასიძეების ოჯახის წევრებს კითხავდა, თუმცა სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა მათგან დაზარალებულ პირებს. წითლიძემ ასევე გაიხსენა გოჩა ჯაკაია და იკითხა, რატომ არ იყო მისი ჩვენება მოსმენილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ვინაიდან გოჩა ჯაკაია აფრასიძეებმა გაიტაცეს და მისი გათავისუფლება მხოლოდ სპეცოპრეაციის შემდეგ მოხერხდა.

მისი შეფასებით, აფრასიძეების საქმე პარტიის აკრძალვის საფუძველი ვერ იქნება. მან ასევე იკითხა, რატომ არ წარდგენილა გია ბარამიძისთვის ბრალი, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

ანა წითლიძემ ახსენა როინ შავაძის და სანდრო გირგვლიანის საქმეები და ყურადღება გაამახვილა იმ პირებზე, რომლებიც ამ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებასა და გამოძიებაში მონაწილეობდნენ. ანა წითლიძემ ხაზი გაუსვა, რომ გირგვლიანის საქმეზე მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, რომელიც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უვადო მოსამართლედ დანიშნა. როინ შავაძის საქმის მთავარი გამომძიებელი რესან კონცელიძე იყო, რომელიც 2020-2024 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

„ქართული ოცნებისთვის მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, როცა ეს ოპოზიციის ასაკრძალად სჭირდებათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ – კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამ ორმაგი სტანდარტით თქვენ ანგრევთ მართლმსაჯულების იდეას“, – განაცხადა მან.

წითლიძის თქმით, თუ წინა წლებში სასამართლოს საქმიანობა ანტიკონსტიტუციური იყო, ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ასეთი სისტემის წახალისება და ლეგიტიმაციაა.

მისი განცხადებით, მოსარჩელე მხარე ერთდროულად ცდილობს, ამ მოსამართლეების ძველი გადაწყვეტილებები პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად გამოიყენოს და იმავე მოსამართლეების დღევანდელი სტატუსი არ გაითვალისწინოს.

„არსებობს სამართლებრივი ლოგიკა თქვენს ქმედებებში?“ – მიმართა წითლიძემ „ქართულ ოცნებას“.

წითლიძემ სარჩელში იური ვაზაგაშვილისა და გურამ შარაძის საქმეების გამოყენებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი ლიდერისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. გურამ შარაძის საქმეზე კი, წითლიძის განცხადებით, დაკავებულმა პირმა პირადი შურისძიების მოტივი დაასახელა.

მან ასევე ახსენა კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეები და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევებში კონკრეტული პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დადგა. მისი შეფასებით, ცალკეული პირების პასუხისმგებლობა ავტომატურად არ უნდა იქცეს მთლიანად პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად.

„ვინაიდან ამ საქმეებზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარია, ეს შეიძლება, გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი? მაშინ მე ასეთივე წარმატებით შემიძლია, „ოცნებას“ შევახსენო ლევან ხაბეიშვილის, დავით ქაცარავას, ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავას, 500-ზე მეტი ნაცემი და დასისხლიანებული მოქალაქის ცემის საქმეები. თქვენ არ შეგიძლიათ, წარსულში მომხდარი ცალკეული ძალადობის გამო მოითხოვით პარტიების გაუქმება, როცა დღეს აწარმოებთ უსასტიკეს ძალადობას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების მიმართ“, – თქვა წითლიძემ.

„ენმ-ის“ წევრმა 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციის საქმეზეც ილაპარაკა, რომელიც ასევე არის ნახსენები „ქართული ოცნების“ სარჩელში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ არგუმენტად.

ანა წითლიძემ თქვა, რომ „ეს იყო უმაღლესი კლასის სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარეს ქართველმა სამხედროებმა“.

„წლების განმავლობაში რუსეთი მოითხოვდა ამ პირების ვინაობის დადგენას. 14 წლის განმავლობაში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მე ჩვენება მაქვს მიცემული 2013-2014 წლებში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეებზე – დაღუპვამდე ორ მათგანს შევხვდი – სერგო უბილავასა და ალექსანდრე დანელიას“.

წითლიძის თქმით, მათ უთხრეს, რომ მათ დაკითხვას რუსი ეროვნების ადამიანები ესწრებოდნენ. „ამ საქმის გარემოებები დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს“, – თქვა მან.

ანა წითლიძემ თქვა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ისტორიული მოვლენების შერჩევით ინტერპრეტაციასა და ცალკეული საქმეების ჩამოთვლას კი არა, კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებსა და მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებები და თენგიზ შარმანაშვილის ოჯახური კავშირები

ანა წითლიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, რომლებსაც მოსარჩელე მხარე „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავება – წითლიძის თქმით, სარჩელის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის და პარლამენტის უფლებამოსილებები ისე გადანაწილდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურებოდა.

წითლიძემ გაიხსენა, რომ ამ ცვლილებებთან დაკავშირებული კომისიის მთავარი მდივანი თენგიზ შარმანაშვილი იყო. მისივე თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც მოსარჩელე მხარე ედავება, თენგიზ შარმანაშვილის ძმა 2004-2008 წლებში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო, მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო 2010 წლიდან პარტიის წარმომადგენელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„იმ საკონსტიტუციო ცვლილებების, რასაც გვედავება „ქართული ოცნება“, კომისიის მთავარი მდივანი გახლდათ თენგიზ შარმანაშვილი, ხოლო მისი ძმა 2004-2008 წლებში იყო უსკოს თავმჯდომარე და „ენმ-ის“ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, ხოლო 2010 წლიდან – „ენმ-ის“ წარმომადგენელი ცესკოში“, – თქვა ანა წითლიძემ.

ზურაბ ადეიშვილი და პარტიის ინსტიტუციური მემკვიდრეობა

ანა წითლიძემ ყურადღება გაამახვილა სარჩელში ზურაბ ადეიშვილის შესახებ მოყვანილ არგუმენტებზეც.

მისი თქმით, სარჩელში ადეიშვილი მრავალჯერ არის ნახსენები და მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობა იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს.

წითლიძის განცხადებით, ამ ლოგიკით უნდა შეფასდეს პარტიის ინსტიტუციური და საკადრო მემკვიდრეობაც.

„პირადად მე, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც.

მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი. და ეს არ ნიშნავს, რომ მე რამეს ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო. უბრალოდ ვამბობ“, – განაცხადა წითლიძემ.

მან ამ კონტექსტში ახსენა სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და წითლიძის განცხადებით, „ზურაბ ადეიშვილის უშუალო საკადრო გარემოცვის ნაწილი და სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა“.

წითლიძემ მოსამართლეებს მიმართა კითხვით, „როგორ შეიძლება, ადამიანს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალონ იმ პირის წარსული საქმიანობის გამო, რომელიც პირადად მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი, მაშინ, როდესაც იმავე სისტემის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მუშაობს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობს“. 

ციხის კადრები, ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების საქმეები

ანა წითლიძემ ასევე ახსენა ციხის კადრების საკითხი და განაცხადა, რომ მათი დადგმის შესახებ ლადო ბედუკაძესთან ერთად თამაზ ელიზბარაშვილმაც ისაუბრა.

მისი თქმით, სარჩელში ნახსენებია ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების ფაქტებიც. ამ კონტექსტში წითლიძემ გიორგი რურუასა და გიორგი ახობაძის საქმეები მოიყვანა.

მან ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელყოფის საკითხზე, რომელიც სარჩელშია მოყვანილი და თქვა, რომ თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება სისტემურ დანაშაულად განიხილება, პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირების მიმართაც უნდა დაისვას, რომლებმაც ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაავრცელეს.

მან ამავე კონტექსტში ახსენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. კრებსები, რომლებიც 2021 წელს გავრცელდა.

კორუფციის ბრალდებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საქმეები

ანა წითლიძემ კორუფციის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარე „ნაციონალურ მოძრაობას“ კორუფციულ დანაშაულებს ედავება, მაშინ როდესაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და ბრალდებები.

„მოკლედ, აი, გითხრათ, უფრო ზემდგომი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ მათი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლში აღმოაჩინეს“, – განაცხადა წითლიძემ.

მან ახსენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეა ბრალდებული. წითლიძის თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც, მისი განცხადებით, ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან დაკავშირებული საქმეები განიხილება.

მან ასევე ახსენა კორუფციის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

წითლიძის შეფასებით, ასეთი გარემოებების ფონზე გაუგებარია, რატომ იყენებს მოსარჩელე მხარე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ კორუფციულ ფაქტებს პარტიის სისტემურ დანაშაულად შესაფასებლად და ამ საფუძვლით ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად.

ევროსაბჭოს რეზოლუცია და რუსეთის პოზიცია

ანა წითლიძე გამოეხმაურა სარჩელში ნახსენებ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც და სასამართლოს სთხოვა, გამოითხოვოს რეზოლუციის განხილვისას გამართული სხდომის ოქმი.

მისი თქმით, დოკუმენტში ასახულია მეხუთე პუნქტის გარშემო გამართული განხილვა და ჩანს, როგორ ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საქართველოს ევროპელი პარტნიორები რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრების პოზიციების გაბათილებას.

წითლიძის განცხადებით, მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას სწორედ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები უჭერდნენ მხარს.

მას ჰკითხეს, რა სტატუსით იყვნენ იქ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. წითლიძემ განაცხადა, რომ ამ კითხვას კითხვა-პასუხის ეტაპზე უპასუხებდა.

„ლოგიკური კითხვა ისმის: თუ ეს რეზოლუცია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც გვაბრალებს ჩვენ „ქართული ოცნება“ და მოსარჩელე მხარე, მაშინ რუსებმა მხარი რატომ დაუჭირეს?“ – განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია თავად მოსარჩელე მხარეს უნდა გამოეთხოვა და სასამართლოსთვის წარედგინა.

წითლიძის განცხადებით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ რუსეთმა რეზოლუციის მიღების დროს პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

მისი შეფასებით, ეს გარემოებაც აჩვენებს, რომ საკითხის განხილვა სამართლებრივ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა პოლიტიკურ მანიპულაციას.

თამაზ ბესტაევი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი

წითლიძემ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის საკითხიც ახსენა და თქვა, რომ თუ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი 13 წლის განმავლობაში ანტიკონსტიტუციური იყო, რატომ ნიშნავდნენ მის ხელმძღვანელებს 13 წლის განმავლობაში, „სოლო მე-14 წელს გაახსენდათ, რომ აღნიშნული საკითხი ანტიკონსტიტუციურია“.

საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას – სარჩელით „ქართული ოცნება“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობასა და სანქციების საკითხის დაყენებას.

ანა წითლიძემ თქვა, რომ ევროპულ ინტეგრაციაზე მუშაობა საქართველოში ყველას ვალდებულებაა, ხოლო ოპოზიციის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევების შესახებ პარტნიორების ინფორმირება – ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი.

მისი თქმით, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა პარტნიორები, კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ პირების ანტიდემოკრატიული ქმედებების, კორუფციისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველზე და არა ოპოზიციის სურვილით.

„საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებს აწესებს საკუთარი საგარეო პოლიტიკისა და სამართლებრივი ფილტრების საფუძველზე, როდესაც ხედავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები საფრთხეშია“, — განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი შეფასებით, არჩევნების შედეგების გაპროტესტება, ბოიკოტი, ხელისუფლების კრიტიკა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მათი პარტიის აკრძალვის საფუძვლად გამოყენება დაუშვებელია.

ანა წითლიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებისა და უტყუარი მტკიცებულებების მიხედვით და არა ისტორიული მოვლენების შერჩევითი ინტერპრეტაციით, პოლიტიკური შეფასებებითა და ბრალდებებით, რომლებიც, მისი თქმით, შესაბამისი სამართლებრივი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.