ზურაბიშვილი კალასს EU-ის უმაღლეს წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს და ბორელს მადლობას უხდის

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კაია კალასს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად დანიშვნას ულოცავს, ხოლო ჯოზეფ ბორელს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისა და საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.

„გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, შთამაგონებელია კიდევ ერთი ქალი ლიდერის, საქართველოს ძვირფასი მეგობრის და ჩვენი ევროპული გზის მხარდამჭერის დანიშვნა ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენლად.

ვულოცავ კაია კალასს ახალი ხედვებისა და ძლიერი ხელმძღვანელობის მოტანას, რაც დაეხმარება საერთაშორისო რთულ ლანდშაფტში ნავიგაციას.

დიდი მადლობა, ძვირფასო ჯოზეფ ბორელს, თქვენი გამორჩეული სამსახურისთვის, ერთგულებისთვის და სიმტკიცისთვის. საქართველო დიდად აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებებისთვის”, – წერს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი.

12 ნოემბერს EU-ის უმაღლეს წარმომადგენლად დამტკიცებამდე ევროპარლამენტში ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს მოუსმინეს.

დეპუტატების კითხვებამდე, სხდომის დაწყების დროს კაია კალასი გახსნითი სიტყვით წარსდგა, სადაც უკრაინის „გამარჯვების“ აუცილებლობას გაუსვა ხაზი, ამასთან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2029 წლისთვის EU-ის მხრიდან ბლოკის გაფართოების მიმართულებით ხელშესახები შედეგები უნდა არსებობდეს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრების გაზრდა „გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის საზღვრების გაფართოება თავად ბლოკის ინტერესებშია.