„კოალიციამ ცვლილებისთვის“ სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა

პუბლიკა

„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ცესკოში განცხადება თენგო თევზაძემ შეიტანა. კოალიცია ცესკოსგან მოითხოვს პარტიული სიიდან მოიხსნან ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით. თენგო თევზაძის განცხადებით, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე ჩახსნის პარტიულ სიას, მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

თევზაძემ მოუწოდა ცესკოს ხვალვე ჩახსნას მათი პარტიული სია.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევებით. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე სუვერენიტეტის მთავარ წყაროს – ქართველ ხალხს ჩამოერთვა ხელისუფლების ფორმირების კონსტიტუციური უფლება და არჩევნები იქცა “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მითვისების ფორმალურ წინაპირობად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული ე.წ. პარლამენტის შეკრება წარიმართა კონსტიტუციური დათქმის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის სავალდებულო მონაწილეობის გარეშე. უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ საარჩევნო შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად, არა მხოლოდ ლეგიტიმურობის, არამედ ლეგალურობის (ფორმალურ-კონსტიტუციური) კუთხით ე.წ საქართველოს პარლამენტის შეკრება უნდა ჩაითვალოს ხელისუფლების მითვისებად და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობად.
გასათვალისწინებელია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია პრაქტიკულად არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს. შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებით. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.
აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„პირველ რიგში, ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს ამ შენობაში არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც ჩატარდა იყო აბსოლუტურად გათელილი კონსტიტუციის გზით და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად. ამას არ აღიარებს არც საერთაშორისო საზოგადოება, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ არსებობს და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ყველა ფორმალური წესით იქნება ეს ინდივიდუალური განცხადებები, რომლითაც მივმართეთ ცესკოს თავის დროზე დროებითი მოწმობა რომ არ გამოეწერა, თუ ახლა სიის ჩახსნით, კოალიცია ცვლილებისთვის არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და არ აპირებს ამ პარლამენტში შესვლას. არ არსებობს არც მანდატი, არც სია, არ არსებობს არც ერთი წარმომადგენელი არც ინდივიდუალურად არც პარტიულად, არ არსებობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ადამიანი, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა. ამას არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლი.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი და ოპოზიციონერი დეპუტატები ასაჩივრებენ.

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტი კენჭს უყრის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობას, ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.