19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი დატოვეს

პუბლიკა

19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ იზოლატორი დატოვეს.

მათ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

ისაკო დევიძე რამდენიმე დღე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

„დამაკავეს აქციის მსვლელობის დროს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. დამაკავეს, როგორც სხვა დანარჩენები. დანარჩენი დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის და გაყალბებული აქციის პროტესტის ნიშნად მქონდა შიმშილობა გამოცხადებული. დაგვაკავებენ, გვცემენ თუ რამე სხვა ფორმით ეცდებიან ჩვენს დაშინებას, მაინც ვერ დაგვაშინებენ”. – თქვა ისაკო დევიძემ იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ.

19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.

დააკავეს 16 ადამიანი. დაკავებულთაგან ორს: ისაკო დევიძეს და დავით წოწორიას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულთა შორის არის მათე დევიძე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.