უკრაინის საკითხზე წარმომადგენლად დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი წარადგინა

პუბლიკა

რუსეთ-უკრაინის საკითხზე წარმომადგენლად აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, კიტ კელოგი წარადგინა – ის ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო.

ამ პოზიციამ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკრაინაში რუსეთის ომის გადაწყვეტაში – ტრამპს არ წარუდგენია დეტალები „სამშვიდობო ხელშეკრულების” შესახებ მის ხედვებთან დაკავშირებით, თუმცა უკრაინელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მან, შესაძლოა, უკრაინის დახმარება შეწყვიტოს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კიევისთვის მიუღებელი შეთანხმება გააფორმოს.

კელოგმა აპრილში მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული დოკუმენტის შედგენაში, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს „კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების შეთანხმების მიღწევაში”.

„აშშ გააგრძელებს უკრაინის იარაღით აღჭურვას და მისი თავდაცვის გაძლიერებას, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი წინ ვერ წაიწევს და ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ კვლავ არ დაესხმება თავს. თუმცა ამერიკის სამომავლო სამხედრო დახმარება უკრაინის მიერ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოითხოვს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

The New York Times-ის ცნობით, დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ პუტინის მოლაპარაკებებში ჩართვა შესაძლებელი იქნება აშშ-ისა და NATO-ს ერთობლივი შეთავაზების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ „უკრაინის NATO-ში გაწევრება გადავადდეს ხანგრძლივი ვადით უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფილი, ყოვლისმომცველი და სანდო სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ”.

New York Times აღნიშნავს, რომ უცნობია, ასახავს თუ არა ეს დოკუმენტი ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ტრამპის ხედვებს, თუმცა აღნიშნულია, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპსაც გააჩნია სტრატეგია, რომელიც სრულად ჯერ არ წარუდგენია.

ამასთან, კელოგის თანაავტორობით შექმნილ დოკუმენტში საუბარია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ვაშინგტონი კიევს დახმარებას გაუზრდის.