თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომიდან გააძევა ერთ-ერთი ბრალდებული, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა და 200 ლარით დააჯარიმა.
„სხდომაზე ზვიად ცეკვავას გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მე განვაცხადე „არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ არჩევნებს, არა რუსულ სპეცოპერაციას“.ეს ადამიანი მათ შორის იყო საარჩევნო დარღვევებზე ერთ-ერთი მოსამართლე, სწორედ ზვიად ცეკვავა იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც ემსახურებოდა ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების ცესკოს და ივანიშვილის რეჟიმს, და ეს სიმართლე ვუთხარი მე მას პირში და ამის გამო გამაძევა“, – თქვა ლაშა ფარულავამ.
ბრალდებულების ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ მოქალაქეებს კანონი არ დაურღვევიათ, დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას და დატოვეს ტერიტორია. უფლებადამცველების შეფასებით, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ საქმის აღძვრა მათ დაშინებას ემსახურება.
გუშინ საქალაქო სასამართლომ ჯამში 20 მოქალაქის საქმე განიხილა, მათი უმეტესობა 500 ლარით დაჯარიმდა.