ზურაბიშვილი: სირცხვილია, რომ არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო უწყებაში

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომცდა თანამშრომლებთან შესახვედრად”.

„სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. ის უწყების თანამშრომლებს ხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

პარალელურად ადგილზე მობილიზდა ათობით პოლიციელი.

ირაკლი კობახიძის მანქანა უწყების ეზოში სწრაფად შევიდა.

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის თქმით, სავარაუდოდ, კობახიძე ეცდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე გავლენა მოახდინოს, რათა არ გაიზარდოს იმათი სია, ვინც „ოცნების“ ქმედებებს გაემიჯნა. ასეთი ადამიანების რიცხვი საგარეო უწყებაში 230-ზე მეტია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ პირველები საჯარო სექტორში, რომლებიც ხმამაღლა გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას – მათ განცხადება 29 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

თანამდებობა დატოვა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ და ეს გადაწყვეტილება სწორედ „ოცნების“ პოლიტიკას დაუკავშირა.

გუშინ, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მაკა ბოჭორიშვილი შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას.