ქალი, რომელმაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმელების კორდონი გაარღვია, სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „პუბლიკას“ ადვოკატმა ილონა დიასამიძემ აცნობა.
მასალა განახლებულია
ილონა დიასამიძესთან საუბრამდე „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ ქალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ტყეშელაძემ გვითხრა, რომ ნანა ტომარაძე სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე არ მიუთითებს.
„ზოგადად, კადრები რაც არის, რომ შეათრიეს, მაგის შემდეგ რაღაც ცოტა თმაზეც მოკიდეს, მაგრამ თვითონ აფიქსირებს, რომ მის მიმართ ძალადობა არ განხორციელებულა. ერთადერთი იყო ის, ეს ცოტა კანონთან კონფლიქტში მოდის, უღებდნენ და სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ და ეს არის კანონთან კონფლიქტში, სამწუხაროდ, უბრალოდ იმდენად აღელვებული ვიყავიო რა კითხვებს მისვამდნენო, რა უნდოდათ და რატომ მიღებდნენო ეგ საერთოდ არ ახსოვს. ვერ გაიხსენა დღეს. ნერვიულობს, რომ ჰყავს 11 წლის შვილი, რომელსაც მარტო ზრდის, და მამა მუშაობს და ამაზე იყო ანერვიულებული რომ მარტო როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ. […] ბავშვზე ღელავდა, რომ მარტო ხომ არ იყო“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.