SJC: მოქალაქეების ჩხრეკისა და ნივთების შემოწმების მიზანი წნეხი და დაშინებაა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნისა” და „რუსთაველის” ზედა ფოიესა და მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მიმავალი მოქალაქეების მასობრივი შემოწმებისა და კონტროლის შემთხვევებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, დარჩნენ კანონის ფარგლებში და შეწყვიტონ მოქალაქეთა უფლებების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მეტროსადგურ „რუსთაველის” ზედა ფოიესა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აყოვნებენ, ამოწმებენ და პრაქტიკულად ჩხრეკენ მათ ზურგჩანთებს თუ სხვა პირად ნივთებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა ნივთების შემოწმება და ჩხრეკა ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, არამედ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენისა და მათი დაშინების მიზანს, ამავდროულად, აყოვნებს აქციაზე მიმდინარე მოქალაქეთა ნაკადს.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს შემთხვევას, როცა ერთ-ერთი მოქალაქის მხრიდან ასეთი მოპყრობის გაკრიტიკებას მისი სასტიკი მეთოდებით დაკავება მოჰყვა.

„როგორც ჩანს, დღევანდელი რეპრესიების მიუხედავად, თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეების მასობრივი და უწყვეტი პროტესტის შეკავებას „ქართული ოცნება” საპოლიციო კონტროლის ახალი და უკანონო მიდგომების გამოყენებით ცდილობს“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და შსს-ს შეახსენებს, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მოქალაქეთა ზედაპირული შემოწმებისა და მათი ნივთის დათვალიერების კონკრეტულ საფუძვლებს.

„პოლიცია უფლებამოსილია, რომ განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მომხდარ დანაშაულზე ან სამართალდარღვევაზე რეაგირების ან მათი პრევენციის მიზნით.

პოლიციას, თითოეულ პირთან მიმართებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, სჭირდება კანონისმიერი საფუძველი, რათა განახორციელოს მოქალაქის ზედაპირული შემოწმება და მისი ნივთის დათვალიერება, შესაბამისად, ყველა პირის შემოწმება, რომელიც პოტენციურად შესაძლოა საპროტესტო აქციაზე მიდიოდეს, უხეშად სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს.

ამასთან, ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით, ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას. ზედაპირული დათვალიერება არ მოიაზრებს პირადი ნივთების გახსნასა და შიგთავსის შემოწმებას.

ამავე კანონის მიხედვით, საპროტესტო ატრიბუტიკა და თავდაცვის საშუალებები, როგორიცაა პირბადე, სათვალე, აირწინაღი, არ შედის აკრძალული ნივთების სიაში და მათი ფლობა მოქალაქეებს შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში და მოქალაქეებს მისცენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“, –  წერს ორგანიზაცია.