„დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„გუშინ ღამით მოვინახულე ალეკო. დაზიანებები აქვს სახის არეში და აგრეთვე, ზურგის არეში. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჰქონდეს ნეკნი მოტეხილი, იმიტომ, რომ ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზას და რენტგენსაც გადაუღებენ და ვნახავთ მის მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია და აშკარაა, რომ დაკავებისას განხორციელდა სერიოზული ძალადობა მის მიმართ. ძალის გამოყენებით მოხდა დაკავება. ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
მოვითხოვეთ მისი კლინიკაში გადაყვანა და სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება ეგ საკითხი. გუშინ გვიანი იყო, არ მოხდა გადაყვანა და იმედია, რომ დღეს მოხდება მინიმუმ შემოწმება და დადგენა იმისი, თუ რეალურად არის თუ არა, მაგალითად, ნეკნი მოტეხილი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებო. სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები. ეს უკვე ცემის მანიშნებელია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ელისაშვილის დაკავება საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის, ალი ბაბაევის საქმეს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო. ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბაბაევზე „თავდასხმის“ შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
მოგვიანებით, კომენტარი თავად ალი ბაბაევმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევა 2 დეკემბერს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა. მისი მტკიცებით, ელისაშვილი ხელით შეეხო, რის შედეგადაც წაიქცა და გონება დაკარგა. ბაბაევის თქმით, კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში შედიოდა, როდესაც მას ზურგიდან შეძახილები მოესმა – „ეს არის, ეს არაკაცი! ეს არის „ქართული ოცნების“ მონა! რუსის მონები!“.