ადვოკატი: ზურა დათუნაშვილის დაკავების დროს და შემდეგ იზოლატორში მასზე იძალადეს

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების, ზურაბ დათუნაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ის ნაცემია.

„მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია, შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღძრულია საქმე, ზურა გამოიკითხა და დეტალურად უთხრა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენი ინფორმაციით, ხვალ მასთან შევა ექსპერტი, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებს.

რაც შეეხება მოძალადე პირებს, ყველას ამოცნობა შეუძლია ზურას. თუ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ საქმის გამოძიება სურს, ამის შესაძლებლობა მათ აქვთ, ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია, ასევე როდესაც ზურაზე მანქანაში ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა, ორივე ადამიანმა ნიღბები მოიხსნა და ზურას მათი ამოცნობაც შეუძლია“, – განაცხადა ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ.

დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სანდრო წერეთელი წერს, რომ ცოტა ხნის წინ მოინახულა ზურა დათუნაშვილი და საბა სხვიტარიძე.

საბა სხვიტარიძის შესახებ ის შესახებ წერს:

„საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან, შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი.

როგორც საბა იხსენებს საკამოდ ნავარჯიშები, „გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო“ და სცემეს.

თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც მას თხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარნილს და ყველგან“, – დაწერა მან.

საბა სხვიტარიძე სისხლს სამართლის წესითაა დაკავებული.