აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 18 წლის საბა ჯიქიას - მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ანზორ კვარაცხელიაც

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 18 წლის ბიჭს, საბა ჯიქიას.  ჯიქია 5 დეკემბერს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ჯიქია სწავლობა, მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან.

„საბა ჯიქიას კონკრეტულად ედავებიან, რომ ფეხი ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს სხეულის არეში. თუმცა ბრალდების მხარემ სხდომაზე ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ დანა ეჭირაო და დანის გამოყენებით თავდასხმა, ძალიან ბევრჯერ აღნიშნა, რომ დანის გამოყენებით თავდასხმა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მსგავსი არაფერი არ ფიგურირებს. ვიდეო ჩანაწერში ჩანს პრიალა საგანი, თუმცა ეს პრიალა საგანი რა არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ საგანს ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – თქვა ადვოკატმა.

დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას პროცესი. მგელიაშვილმა მასაც ორთვინი პატიმრობა შეუფარდა. შსს ამბობს, რომ 1999 წელს დაბადებულმა ბიჭმა პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ პირის დაკავების ოქმი შემდეგ გააფორმეს, რაც კვარაცხელია სახლიდან წაიყვანეს. მისი შეფასებით, ეს საკმაირის საფუძველი იყო, რომ მოსამართლეს დაკავების ოქმი უკანონოდ ეცნო. დაცვის მხარემ ალტერნატივად გირაო შეთავაზებაც დააყენა, თუმცა ეს არ დაკმაყოფილდა.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 28 პირი.