შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა.
1997 წელს დაბადებული ვ.თ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული.
მას 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს ირწმუნება, რომ საპროტესტო აქციაზე ვ.თ. მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათ სხვადასხვა საგანს ესროდა.
შსს-ის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
შსს რუსთაველის გამზირზე აქციების ფარგლებში გამოძიებას აწარმოებს: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულია საპროტესტო აქციების მონაწილე 40-მდე ადამიანი.
ადმინისტრაციული წესით დააკავეს 400-ზე მეტი პირი.
300-ზე მეტ ადამიანზე უწყებაში ფიზიკურად სასტიკად იძალადეს. აქციის ბევრ მონაწილეს აქვს ტვინის შერყევა და სხვადასხვა დაზიანება, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთი დამნაშავე პოლიციელი არ დაუსჯია.