სიიარტო ამბობს, რომ უნგრეთი საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებას „არ დაუშვებს"

პუბლიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბრიუსელი აპირებს საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებას, რასაც უნგრეთი „არ დაუშვებს”.

„საქართველოზე არის უზარმაზარი გარე ზეწოლა, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო არჩევნები და ბრიუსელის ლიბერალური ელიტა ამას ახლა ვერ ითვისებს.

ისინი იქამდე მიდიან, რომ საქართველოს მთავრობის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციების სიაში შეიყვანონ.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვერდში ვუდგავართ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულ არჩევნებში გამოხატულ ნებას”, – დაწერა მან და მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ შეაფასა საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა და თქვა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს. ელჩმა მიუთითა, რომ სანქციების მოსამზადებლად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მას 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.