„საუბარი იყო, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან" | ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ქართველი ხალხის პროტესტს ევროპელი პოლიტიკოსების სრული მხარდაჭერა აქვს. მათივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპარლამენტარების მხრიდან.

როგორც „კოალიციას ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ გაკეთებულ განცხადებებს და შემუშავებულ რეზოლუციებს აღსრულება სჭირდება.

„ყველასთვის ცხადია, რომ ქართული სახელმწიფო მანამ სანამ არის მიტაცებული, არის საერთაშორისო იზოლაციაში. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნებისმიერი საუკეთესო ქომაგი, ვინც დასავლეთიდან ჩამოვა, საერთაშორისო პარტნიორი, მსგავსად დღევანდელი ჩვენი სტუმრებისა, მე ვფიქრობ, უკვე აცნობიერებენ, რომ გაკეთებულ განცხადებებს და შემუშავებულ რეზოლუციებს სჭირდება აღსრულება. […]

იმ კონტექსტში, როდესაც კვირიდან კვირამდე, თბილისის ქუჩებში, ასობით ადამიანს აწამებენ და რეჟიმი სულ უფრო ბრუტალური ხდება, არც ერთი დღე დასაკარგი არ არის. ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, ისინი ყურად იღებენ ნაწამები ქართველი ხალხის ნებასა და სურვილს”, – განაცხადა მელიამ.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ევროპარლამენტარები ყველა შესაძლო ინსტრუმენტს განიხილავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ „ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს“.

„რეპრესიები, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ხალხს არ იცნობს და ამ რეპრესიებმა ჩვენ შეგვაკავშირა და დაგვარწმუნა იმაში, რომ დღეს ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლაა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ძალიან მიხარია, რომ ევროპარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოსულია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისვე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტია „გახარია – საქართველოსთვის” წევრი დიმიტრი ცქიტიშვილიც.

„მათი პოზიცია და მათი დამოკიდებულება საკითხებზე უმნიშვნელოვანესია მთლიანად ევროპელი სტრუქტურების დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად. მათი კრიტიკული დამოკიდებულება, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ იქნა მოპარული არჩევნები, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახა.

ახლა საუბარი გვქონდა იმაზე ევროკავშირმა და მისმა სხვადასხვა ორგანოებმა, როგორიც არის ევროკავშირის საბჭო, მინისტერიალი და კომისია, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, რათა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობასა და პროტესტს, რომელიც ხელისუფლების მიმართ არის, კიდევ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი.

საუბარი ბევრი მიმართულებით წარიმართა, ბევრი შესაძლო ნაბიჯის შესახებ, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა გადადგას. რთული მექანიზმია ევროკავშირი და გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, სრული მხარდაჭერა სჭირდებოდეს, მაგრამ არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ასეთი შეიძლება იყოს მათ შორის, კონკრეტული ადამიანებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ვიზების შეზღუდვა, მათი არ მიღება საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე და ა.შ.”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

ევროპარლამენტის დელეგაციაში არიან: რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხალ შტერბა, ტობიას კრემარი, რეინეიარ ვან ლანშსჰოტი.