საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს აპარატის მანდატი და უფლებამოსილება გააცნო, ისაუბრა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუციის როლზე, მათ შორის, აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოძიებისთვის გადაცემის მექანიზმებზე.
„ევროპარლამენტარები სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობისა და მოქმედების თავისუფლების ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტარები ამ წუთებში შეხვედრას მართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
შეხვედრა დაგეგმილია, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან.
გუშინ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის გვერდზე დაწერა, რომ ის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა. როგორც იუკნევიჩიანე განმარტავს, ჩამოსვლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.
ევროპარლამენტის დელეგაციაში არიან: რასა იუკნევიჩიენე, ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხალ შტერბა, ტობიას კრემარი, რეინეიარ ვან ლანშსჰოტი.