დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად.
„საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სასწრაფო საერთაშორისო ზომების მიღება. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად“, – წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილებას მეთხუთმეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. აქციები გაიმართა საზღვარგარეთაც. პარლამენტთან აქციებზე ჯამში ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი. ათობით ადამიანი გახდა სპეცრაზმის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, არაერთი ნაცემი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს.