აშშ-მა „ქართული ოცნების” 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს ვიზების შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

დღევანდელი ქმედება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.

„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.

„ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


სახელმწიფო დეპარტამენტმა  საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს მაშინ კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციები 16 სექტემბერს გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს, რათა დაუწესოს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ამ ინდივიდებში შედიან ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად; ასევე, კორუფციულ პროცესებში ჩართული ბიზნეს ლიდერები; ადამიანები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

მაშინ საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, სანქციები ეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები სანქცირდებიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.

ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.

რაც შეეხება ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას, დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისინი აორგანიზებდნენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე ძალადობრივ თავდასხმებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტანტინე მორგოშია დამფუძნებელია ალტ-ინფოსი, რომელსაც იყენებს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გასავრცელებლად.

„2021 წლის ივლისსა და 2023 წელს ის მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს იმ მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს”.

ზურაბ მახარაძეზე კი ნათქვამია, რომ იმავე წლებში ის პირადად მოუწოდებდა უმცირესობის ჯგუფებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისკენ და მონაწილეობდა ამის ორგანიზებასა და მართვაში.