დღეს, 14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც მხოლოდ „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი – მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობს.
ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში 09:00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა პარტიები არც პარლამენტის და არც საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
პროცესის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე ჩაიარა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც აქციის მონაწილეები ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ.
პრეზიდენტმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ორბელიანის სასახლეში მიდიოდა.
მოქალაქეებს პარლამენტთან მიტანილი აქვთ დიპლომები. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიცია, თავისფულების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.