„ქართული ოცნების” პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ „დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას აქვს ჩვეულებრივი პასპორტი”.
„ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, რომ მაგალითად, შეხვედრებზე ვერ წახვალ, არ არსებობს – ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი”. – თქვა მახაშვილმა, IPN-ის ცნობით.
გუშინ, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ევროკომისია ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინადადებას მოამზადებს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის შეფასებით, ამ სხდომის „გათვლა იყო ის, რომ სამიტი შედეგის გარეშე არ დარჩენილიყო და ამიტომ “რაღაც გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღოთ”.
ამასთან, მისი თქმით, ეს გრძელვადიანი, ბიუროკრატიული პროცესია.
„ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები ამ თემაზე მიღებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სიმბოლური გადაწყვეტილება, უფრო პოლიტიკური შეფასება, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება. ეს არანაირად არ ეხება ვიზალიბერალიზაციას, ან ჩვეულებრივ პასპორტებს საფრთხე არ ემუქრება.
დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, ან შეხვედრებზე ვერ წახვალ, ან შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი.
გათვლა აქ რეალურად რაც იყო არის ის, რომ რაღაც გადაწყვეტილება მაინც უნდა მიეღოთ, რომ მთლად შედეგის გარეშე არ დარჩენილიყო ეს სამიტი”. – თქვა ლევან მახაშვილმა.