ევროპარლამენტარი: გაიღვიძე ევროპა! რას ელოდებით?

პუბლიკა

„გაიღვიძე ევროპა!“ – ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, მალგოჟეტა გოშევსკამ კოლეგებს დღეს გამართულ სხდომაზე და ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„სამი კვირის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ მიაქანებს ქვეყანას რუსეთის მკლავებში. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით: „გაიღვიძე საქართველო“, მე ვიტყოდით, რომ „გაიღვიძე ევროპა“, დადექი პროტესტის მონაწილეების გვერდით.

ქალბატონო კალასს, რას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?! რას ელოდებით? სისხლისღვრას? პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრებას, როგორც ეს გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში? თქვენ თქვით, რომ უკვე არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა მიემართოს – გააკეთეთ ეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, მალგოჟეტა გოშევსკამ.

გუშინ, 16 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა – შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სირია, უკრაინა და საქართველო. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გააკეთეს კომენტარები მედიასთან და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, გააკრიტიკეს აქციების ძალადობრივად დარბევები და დაკავებები. EU-ის მინისტრებმა ისაუბრეს, რომ გადაწყვეტილების მიღმა საქართველოს შესახებ განხილვა უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, რადგან, რაც ქვეყანაში ხდება, „არადემოკრატიულია”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა ისიც, რომ ისინი ასევე განიხილავენ შემდგომ ზომებს, რომელთა დაწესების შესაძლებლობაც იმ შემთხვევაში განიხილება მომავალში, თუ მთავრობა არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ ქართველი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის საჭიროებაზე.