ავტორი: ლევან ცუცქირიძე
„როგორია ჩემი გეგმა? ჩემი გეგმაა ბრძოლა მთელი ძალით და ბრძოლა გამარჯვებამდე – იმიტომ, რომ გამარჯვების გარეშე არც გადარჩენა გვიწერია.“
უინსტონ ჩერჩილი
სად ვართ დღეს
დღევანდელი პროტესტი ავტორიტარიზმთან ტოტალური ომის ნაწილია, ტოტალურ ომს კი შესაბამისი მობილიზაცია და წინასწარი განწყობა სჭირდება – განსაკუთრებით მორალური სიმტკიცე ხანგრძლივი ბრძოლისთვის, გამძლეობა რეპრესიების წინააღმდეგ და სათანადო მოლოდინები.
არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, მუდმივად ვიმეორებდი, რომ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი, მარათონული ბრძოლისთვის. სამხედრო ანალოგია რომ გამოვიყენო, ეს არ არის მანევრის ომი, სადაც გამარჯვება ერთი ან რამდენიმე მარჯვე მიტინგით, ერთ რომელიმე ადგილას ბევრი ხალხის შეკრებით და რაიმე ბრწყინვალე ტაქტიკური სვლით მიიღწევა. ეს უფრო გამოფიტვის ომია, სადაც ისეთი არამატერიალური ფაქტორები, როგორებიცაა ნება, მოთმინება და თანამიმდევრულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელკეტებისა და გაზის ყუმბარების რაოდენობა გდდ-ის საცავებში.
ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმთან ტოტალურ და ყოვლისმომცველ ომში ვართ, რომელსაც განზრახული აქვს, მოსპოს სამოქალაქო საზოგადოება, გაანადგუროს დემოკრატია და აკრძალოს განსხვავებული აზრი. ამიტომ ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთმანეთის იმედად უნდა ვიყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები ან ევროკავშირი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. საქმე ჩვენს და არა მათ თავისუფლებას ეხება. ამიტომ, თუკი იქ რაიმე ეფექტიან ზომებს მიიღებენ, ხომ კარგი, თუ არადა, ბრძოლა მაინც შემართებით უნდა გავაგრძელოთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი წინააღმდეგობა იმ სამი ღერძის გასწვრივ უნდა განვითარდეს, რომელზეც არჩევნების შემდეგ საჯაროდ არაერთხელ ვისაუბრე:
უპირველესი და უმთავრესი სამოქალაქო წინააღმდეგობაა: მანიფესტაციები, გაფიცვები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა ფორმები. სამოქალაქო წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა დარჩეს არაძალადობრივი და დეცენტრალიზებული, ხოლო ლიდერობის პერიოდულმა ვაკუუმებმა არ უნდა გვაიძულოს მართვის ისეთივე ცენტრალიზებული მოდელი შემოვიღოთ, როგორიც ჩვენს მოწინააღმდეგეს აქვს.
ჩვენი ძალა იმაშია, რომ ერთის ნაცვლად ბევრი ლიდერი გვყავს, ჩვენი უპირატესობა სპონტანურობაა და ჩვენი ენერგია დემოკრატიიდან მოდის. ეს არ ნიშნავს კოორდინაციის არქონას და არც სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან ქიშპობას. არც იმაზე უნდა გავიტეხოთ გული, თუკი ზოგჯერ იმაზე ნაკლები ადამიანი მოვა შეკრებაზე, ვიდრე ჩვენ გვსურს. ეს ბუნებრივია: ადამიანები დაიღლებიან, დაისვენებენ და ბრძოლის ხაზს ისევ დაბრუნდებიან.
აუცილებელია წინააღმდეგობის წარმომადგენლობითი საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც არჩევნებზე გამარჯვებულ პარტიებთან ერთად საზოგადოებრივი ჯგუფებიც იქნებიან. ეს ფორუმი იქნება ზოგადი პოზიციების შეჯერების, ინფორმაციის გაცვლის ორგანიზებული საშუალება და ამასთანავე ძალაუფლების ალტერნატიული, რეალური და სიმბოლური ცენტრი – დემოკრატიული და ცოცხალი ფორუმი ბიძინა ივანიშვილის მორჩილი, ერთპარტიული პარლამენტის წინააღმდეგ.
ფრონტის მეორე ხაზი დიპლომატიაზე გადის: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ივანიშვილის პარტიის ლიდერებისა და ხელშემწყობების იზოლაციისთვის და მათზე პიროვნული სანქციების დასაწესებლად. უკვე ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ჩვენი საერთო წინააღმდეგობა დიდი ანგარიშით უგებს მილიარდერის პარტიას საგარეო ასპარეზზე: ოცნებამ ვერც აღიარება მოიპოვა და სანქციების მარყუჟიც უფრო და უფრო დავიწროვდა. თანაც, მას უკვე საკუთარი დიპლომატების დემარშებთან გამკლავება უწევს, არათუ საზღვარგარეთ რაიმე წარმატებაზე ფიქრი. ამ საქმეში ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწიეს და ბრძოლის წარმატებით გაგრძელების საფუძველი შექმნეს.
ფრონტის მესამე ხაზი სამართლებრივია: მიტაცებული სასამართლოსა და სამართალდამცავი ინსტიტუტების პირობებშიც კი მნიშვნელოვანია გავასაჩივროთ ძალადობა და დარღვევები და შევქმნათ სამართლებრივი წინაპირობები იმისათვის, რომ როდესაც ნამდვილად მიუკერძოებელი სასამართლო გვექნება, შევძლოთ ყველას პასუხი მოვთხოვოთ – როგორც ძალადობასა და კანონდარღვევაზე, ისე ამ დარღვევებზე თვალის დახუჭვაზეც.
ვიცი, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნა მეტი იცოდნენ გეგმებზე, მაგრამ მსურს გულწრფელად ვთქვა: ამაზე უფრო კონკრეტული გეგმა რეალისტურად ვერ იარსებებს, რადგანაც ნებისმიერი გეგმა დინამიკურ გარემოში ვითარდება და იცვლება. რა თქმა უნდა, ცალკეული ნაბიჯები დიპლომატიაში, პროტესტის დაგეგმვასა თუ სამართლებრივ ბრძოლაში ცალკე საკითხია და ისინი სათანადოდ და უკეთ უნდა დაიგეგმოს: თუკი რუსთაველზე დიდი სცენაა, შესაბამისად სპიკერებიც უნდა გამოდიოდნენ. ამიტომ, ამ ომში მიზნების სიცხადე და სტრატეგიის ძირითადი ღერძი უფრო მნიშვნელოვანია, რომლის გარშემოც იმოძრავებს დემოკრატიული პროტესტი, ვიდრე ტაქტიკური ნაბიჯების წინასწარ გაცხადება და მათი პედანტური განხორციელება.
სად მივყავართ ამ ბრძოლას?
ბრძოლის პროცესი მთავარ მიზანთან გვაახლოებს: ესაა ევროპული და მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში და ევროკავშირის წევრობა. ბიძინა ივანიშვილის პარტია ახლა მთავარი დაბრკოლებაა ამ გზაზე და მას რთული პოლიტიკური ბრძოლით, მაგრამ აუცილებლად დავამარცხებთ.
ამასთანავე, ამ ბრძოლაში სწორედ მომავალი დემოკრატიის საფუძველი იქმნება, რამდენიმე წინაპირობის გამო:
ეს არის პირველი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ უსამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება და არა რომელიმე ლიდერს გაყოლილი ხალხი. ის, რომ ამ მოძრაობას არ ჰყავს ერთი „მეთაური“, პრობლემაზე მეტად შესაძლებლობას წარმოადგენს. ტრადიციული პოლიტიკური პარტიების სისუსტე, რაც მათი მხრიდან ლიდერობის ვაკუუმით გამოვლინდა, ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. ისიც დასაფასებელია, რომ მათგან არავის უცდია ამ პროტესტის მართვის მონოპოლიზაცია და მისი სადავეების ხელში ჩაგდება.
წინააღმდეგობის მოძრაობა პოლიტიკური თაობების ცვლასაც გამოიწვევს. ფაქტია, რომ ასპარეზზე ახალი ძალები შემოდიან და ისინი აუცილებლად ჩაანაცვლებენ დისფუნქციურ, სტატუს-კვო და ინერტულ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს.
როდესაც ამ ბრძოლას დავასრულებთ, ქართული საზოგადოება იქნება პირველი საზოგადოება რეგიონში და, შეიძლება მსოფლიოშიც, რომელმაც პოლიტიკური მეთოდებით დაამარცხა პუტინიზმი. ჩვენ ევროკავშირში მხოლოდ კარგი სიმღერითა და სამზარეულოთი კი არ შევალთ, არამედ ცოცხალი, ამ ეპოქისათვის აქტუალური პოლიტიკური კულტურითა და გამოცდილებით. ამიტომ, ნუ ვდარდობთ ლიდერების ნაკლებობაზე, ჩვენს დღევანდელ წინააღმდეგობას წინამძღოლები არ აკლია, რაც ჩვენი ძალაა და არა სისუსტე.
ასე რომ, ჩვენი გეგმა სინამდვილეში ძალიან მარტივია და წააგავს იმას, რაც უინსტონ ჩერჩილმა ზუსტად განმარტა, როდესაც პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ნაცისტურ გერმანიასთან დიდი ბრიტანეთის ბრძოლისთვის რომ ეხელმძღვანელა. განმეორებით შეკითხვებზე, თუ როგორია ომში გამარჯვების მისი „გეგმა,“ მან ლაკონურად უპასუხა: „როგორია ჩემი გეგმა? ჩემი გეგმაა ბრძოლა მთელი ძალით და ბრძოლა გამარჯვებამდე – იმიტომ, რომ გამარჯვების გარეშე არც გადარჩენა გვიწერია.“
პროტესტიდან გამარჯვებამდე
რაზე დგას ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება? შეზღუდულ ფიზიკურ ძალაზე, შიშზე, სიცრუესა და ფულზე. შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობის მთავარი სამიზნე სწორედ მისი ეს ძალაუფლების საფუძვლები უნდა იყოს.
ის, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ძველებურად ვეღარ მუშაობს ჯერ კიდევ არჩევნებში გამოჩნდა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ოპოზიცია დამარცხდებოდა, მოუწევდა შეგუებოდა მარცხს და პარლამენტშიც შესულიყო. მართალია, ომით ხალხის დაშინებამ მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაზე მართლაც იქონია გავლენა, მაგრამ ოცნებისთვის არჩევნებში გამარჯვების მოსატანად ის საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ოცნების“ პროპაგანდასთან ბრძოლა თანმიმდევრობით, სიმართლითა და გულწრფელობით უნდა გავაგრძელოთ. ომის მუქარას ევროპული უსაფრთხოება, დაცულობა და სტაბილურობა უნდა გავცეთ პასუხად, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. ჩვენ დიდი ხანი ვხუჭავდით თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და პოსტივის ტოქსიკურ პროპაგანდაზე. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო დროს მოპოვებული საეთერო დრო მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც აღარ უნდა დავთმოთ და სხვა მაუწყებლებსაც უნდა ვაპოვნინოთ ძალა უფრო ობიექტური ჟურნალისტიკისათვის. მჯერა, ეს კიდევ შესაძლებელია. ამიტომ, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა მოვითხოვოთ მათგან მოვლენების უფრო დაბალანსებული გაშუქება. მათი ტრადიციული მაყურებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ისინი რეალობის მხოლოდ უმცირეს ნაწილს ხედავენ.
შიშს ჯერ კიდევ გაზაფხულის აქციებზე ვაჯობეთ, მაგრამ ახლა პროტესტი და წინააღმდეგობა კიდევ უფრო ფართოდ ვრცელდება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუკი ხაშურში ამხელა საპროტესტო აქციას ვიხილავდით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილის ჯგუფს ასეთი ერთგული მხარდამჭერები ჩამოცილდებოდნენ და რომ გდდ-ს, თავდაცვის, საგარეო და სხვა სამინისტროებში ამგვარ პროტესტს ვნახავდით. ამ ვითომ მონოლითურ, სინამდვილეში კი ძალიან მყიფე სისტემაში შიდა წინააღმდეგობა მზარდია. ჩვენი წინააღმდეგობა და სიმართლის კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მიტანა ამ პროტესტს მხოლოდ გააფართოებს.
რაც შეეხება ორგანიზებულ ძალადობას მანიფესტანტების წინააღმდეგ: უსამართლო ძალადობას საკუთარი ლიმიტები აქვს. „ტიტუშკები“ და სპეცსამსახურებში ახლად აყვანილი ხალხი, რომელთაც არც სამხედრო ეთიკა და არც საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ და ვისი მთავარი პრაქტიკაც მხოლოდ მიტინგების დაშლაა, ვერ შეძლებს ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობას წინ აღუდგეს. ბევრი ღირსეული სამხედრო დღეს შესაძლოა დუმს, მაგრამ ისინი დიდხანს ვეღარ შეეგუებიან თანამოქალაქეების სისხლის ღვრას და სამხედრო მუნდირის ღირსების შელახვას. არსებობს სხვა, უფრო მატერიალური მიზეზებიც ამისათვის: არავის სურს საკუთარი ბედი ივანიშვილს ანაცვალოს – მათი ლოიალობა ახლა ივანიშვილის ფულსა და შიშზე დგას. როგორც კი გამოჩნდება, რომ ის წაგებულ პარტიას თამაშობს, სწრაფადვე მოიმატებს მათი რაოდენობა, ვინც იტყვის, რომ „სისტემას შიგნიდან ებრძოდა“ ანდაც თვალი ახლა აეხილა.
ამ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების პოზიციაა – უფრო სწორად, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებისგან მათი გამიჯვნა. საჯარო სამსახურში მყოფმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ გახდებიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ხოლო სამართლიანი პოზიციის გამო უსამართლოდ გათავისუფლებულებს ახალი ხელისუფლება სამუშაო ადგილებზე აუცილებლად დააბრუნებს. ასეთია ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ, ამას სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ.
სამოქალაქო წინააღმდეგობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით, საინფორმაციო ომში გარღვევების მიღწევა, საჯარო სამსახურებიდან მზარდი სოლიდარობა პროტესტის მიმართ, სიმართლის მიტანა უფრო მეტ ადამიანამდე და საერთაშორისო მხარდაჭერა – სწორედ ეს არის გამარჯვების გზა.
განახლების გეგმა: განათლება, თვითმმართველობა და უსაფრთხოება
ამ ბრძოლამ უნდა მოგვიტანოს არა მხოლოდ ახალი არჩევნები და ახალი მთავრობა, არამედ ახალი ტირანისგან დაზღვევაც – ამისათვის, ჩვენ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ.
ახალი კონსტიტუციის მიღება უნდა გახდეს ახალი სიმბოლური ათვლის წერტილი ჩვენს თანამედროვე ისტორიაში და უკან უნდა მოვიტოვოთ ზიზღი, უიმედობა, უნდობლობა, ძალადობა და დომინანტი პარტიები, რომელთაც ლიდერები ერთპიროვნულად მართავენ. ახალი კონსტიტუციით ახალ ეპოქაში უნდა შევაბიჯოთ და მრავალპარტიული, ევროპული დემოკრატიის სისტემა შევქმნათ, სადაც პოლიტიკური თანაცხოვრება, კონსენსუსი და შეთანხმება, დათმობა და კომპრომისი ნორმალური და მისასალმებელი გახდება და არა პირიქით.
მას შემდეგ, რაც ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან ჩამოვიშორებთ, რეალური შესაძლებლობა მოგვეცემა, ნამდვილი მრავალპარტიული დემოკრატიის მშენებლობას შევუდგეთ. ამისათვის ის წინაპირობებიც გვექნება, რაც აქამდე არ გვქონია:
- გვეყოლება სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ექნება ცოცხალი გამოცდილება იმისა, თუ როგორ დაამარცხოს ავტოკრატია და შესაბამისად, ჩვენს ხელთ იქნება ის მექანიზმები, რომლითაც ხელისუფლების კონტროლს უკეთ შევძლებთ:
- აღარ გვეყოლება დომინანტი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებით ხმების გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებს. შესაბამისად, პარტიებს მოუწევთ უკვე პარლამენტს შიგნით მიღწეული შეთანხმებებით დააკომპლექტონ მთავრობა და ის კომპრომისული კოალიციური პროგრამით მართონ;
- პარტიებთან ერთად, ჩვენ არც დომინანტი ლიდერი გვეყოლება, რომლის გარშემოც აეწყობა „ძალაუფლების ვერტიკალი“ და რომელსაც როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ თაყვანისმცემელთა მასობრივი და მორჩილი არმია ეყოლება;
ის, რაც დღეს ჩვენი უძინარი და ცრემლსადენი გაზით დაბინდული ხედვით ახლა სისუსტედ მოჩანს – შედარებით სუსტი პარტიები, ნაკლებად ქარიზმატული ლიდერები და მთავარი ორგანიზატორის არარსებობა – ხვალ ჩვენი დემოკრატიის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება. ამის ახლავე და ნათლად დანახვა მნიშვნელოვანია, რათა მნიშვნელოვანი სამომავლო ორიენტირი არ დავკარგოთ და იმავე მანკიერ წრეზე არ აღმოვჩნდეთ.
ახალი, კოალიციური მმართველობის პროგრამა ევროკავშირის 9 რეკომენდაციისა და ქართული ქარტიის გარშემო უნდა შეიქმნას, მაგრამ აუცილებელია მათ სხვა პრიორიტეტებიც დაემატოს, რის გარეშეც წარმატებული დემოკრატიის აშენება შეუძლებელი იქნება:
- უნდა მოხდეს რეალური დეცენტრალიზაცია და ძალაუფლების დევოლუცია: საკრებულოების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უნდა გადაეცეთ, მასშტაბურად უნდა დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა, ქალებსა და ახალგაზრდებს საკრებულოების მუშაობაში ჩართვის მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, უნდა გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულების აპარატი და თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის პროცესი დაჩქარდეს. თვითმმართველობის განვითარება ყველა შეცდომისგან ვერა, მაგრამ დღევანდელის მსგავსი კატასტროფებისგან მეტად დაგვაზღვევს, რადგან ადგილობრივ მთავრობებს მეტად ანგარიშვალდებულს გახდის და მოქალაქეებს უფრო გააძლიერებს.
- განათლების სისტემის პარტიული ზეგავლენისგან დაცლა და მისი ხარისხის ამაღლება პრიორიტეტია. სისტემა, რომელიც პარტიული ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურშია, განათლებული მოქალაქეების აღზრდას უნდა მოემსახუროს. გარდა ამისა, სახელმწიფომ განათლების სისტემაში სოციალური კეთილდღეობის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაზრდელად ფუნდამენტური რეფორმა უნდა წამოიწყოს და სათანადო საბიუჯეტო გადაწყვეტილებებიც მიიღოს. განათლებისა და კვლევის ბიუჯეტი არ უნდა იყოს მშპ-ის 6%-ზე ნაკლები და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია და დეცენტრალიზაცია რეალური და მოქმედი უნდა გახდეს.
- თავდაცვის პოლიტიკისა და მზადყოფნის დაუყოვნებლივი განახლება და სისტემის რუსული აგენტურისგან გაწმენდა. საქართველოს წლებია არ განუახლებია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკვანძო, კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტები და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს NATO-სთან, აშშ-თან, ევროკავშირთან და დიდი ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. სამართალდამცავი, სპეციალური დანიშნულების და თავდაცვის ძალებში რუსული დაზვერვის წვდომა შეუზღუდავი თუ არა, მნიშვნელოვნად გაზრდილია. სწორედ ამიტომ სანდო, პროფესიონალი პატრიოტებით განახლებული კონტრდაზვერვის სამსახურის სწრაფი დაკომპლექტება და ამუშავება, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება, აღდგეს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პარტნიორებთან დაიწყოს სასწრაფო ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოსთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე.
- ოცნების რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სამსახურები იმაზე უფრო მეტადაა გამოფიტული, ვიდრე გარედან ახლა ჩანს. საჯარო სამსახურის კანონმდებლობის ბოლო ცვლილებები კი მას კიდევ უფრო მეტად დაასუსტებს. საჯარო სამსახურის რეფორმა, მისი რეალურად მერიტოკრატიულ სისტემაზე მოწყობა და კარიერული საჯარო მოხელეების პარტიული ზეგავლენისგან რეალურად დაცვა უმნიშვნელოვანესი რეფორმა და პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
- საარჩევნო დანაშაულების და ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება მნიშვნელოვანია. ყველასათვის ნათელი უნდა გახდეს, რომ არჩევნების გაყალბება, მანიფესტანტების ცემა, წამება და დამცირება დანაშაულია. შესაბამისი გამოძიებები და სასამართლო პროცესები გამჭვირვალობის, სანდოობისა და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა და უდანაშაულო ადამიანების შევიწროება.
ეს ნაბიჯები შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული პოლიტიკა გადავტვირთოთ და ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ახალ, შთამაგონებელ და საიმედო გზას დავადგეთ. ბიძინა ივანიშვილის პარტია ქვეყნის გასაკონტროლებლად შიშს, სიცრუეს, მოსყიდვას და დაშინებას იყენებს. ჩვენ ქვეყნის კონტროლი კი არა, მისი დემოკრატიულად მართვა გვჭირდება. ამას მხოლოდ თანხმობით, ურთიერთდათმობებით, პატივისცემითა და სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით შევძლებთ.
უტეხი წინააღმდეგობისთვის ნათლად უნდა ვხედავდეთ დღევანდელ ვითარებას, რომ გარდაუვალი კრიზისები და იშვიათი წარუმატებლობები მიზნისკენ სავალ გზას არ გვიფერმკრთალებდეს. ამ სამართლიან ბრძოლაში დაშავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანების წინაშე ვალდებულნი ვართ, ეს ყველაფერი საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩემი მთავარი მისიაც აქ და ახლა სწორედ ეს არის.
-
თვალსაზრისის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის, შესაძლოა, არ გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.