გიორგი ვაშაძე: ჩემზე გუშინდელი თავდასხმა შეიძლება მკვლელობის მცდელობად შეფასდეს

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე 17 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე მასზე თავდასხმას მკვლელობის მცდელობად აფასებს.

ვაშაძის თქმით, აქციაზე მას თავს სახრახნისით დაესხნენ. მისივე განცხადებით, ამ ნივთის დარტყმა თავდამსხმელს მისთვის, მათ შორის, კისერში უნდოდა და „ოდნავ გაკაწრული აქვს“.

ვაშაძემ თქვა, რომ მას აქციაზე მყოფი მოქალაქეები დაეხმარნენ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მათ შეძლეს თავდამსხმელის იდენტიფიცირება – ვაშაძის მტკიცებით, ეს 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია.

„იურისტებთანაც მქონდა საუბარი – ქმედება, რომელიც ჩემ მიმართ არის ჩადენილი, შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა ჩემთვის სახრახნისის დარტყმას, მათ შორის, ყელის არეში. ამის შემდეგ ეს ადამიანი გაიქცა.

მოქალაქეების მხრიდან შეტყობინება შევიდა 112-ზე. საათ-ნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი უწყების მხრიდან. შემდეგ კი დამიკავშირდა გამომძიებელი, სახელად გიორგი, რომელმაც მითხრა, რომ 10 წუთში ადგილზე მოვიდოდა. კიდევ 10 წუთში კი კვლავ დამიკავშირდა სხვა პირთან ერთად და მითხრა, რომ მოსვლას არ აპირებდა, რაც კანონდარღვევაა.

იქვე იდგა საპატრულო ეკიპაჟი. მათ მხრიდან არ მომხდარა რეაგირება“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

მისი განცხადებით, „ამ ყველაფრის დამკვეთი ივანიშვილის რეჟიმია“.

„დღეს საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც ხვდებიან, სცემენ ადამიანებს, იჭერენ და აკავებენ ყალბი ჩვენებებით და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ მსახიობებს, საზოგადო მოღვაწეებს, ადამიანებს, ვინც იბრძვის ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. მინდა, ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს – ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს, პირიქით, გაორმაგებული ძალებით ვიბრძოლებთ, რომ შენი პერსონალური მოშორება მოხდეს ამ ქვეყნიდან. იმიტომ, რომ შენ ხარ ქაოსისა და არეულობის შემომტანი“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.