მცხეთის მუნიციპალიტეტი წინასაახალწლოდ მასტერისა და Goofy Land-ისთვის 22 802 ლარის გადახდას გეგმავს

პუბლიკა

მცხეთის მუნიციპალიტეტი წინასაახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის რეპერ გიორგი პავლიაშვილისთვის (მასტერი) 5 102 ლარის, ხოლო ბენდ Goofy Land-ისთვის 17 700 გადახდას გეგმავს.

მათთან ხელშეკრულების გამარტივებული შესყიდვის სახით გაფორმება იგეგმება, რაც ნიშნავს იმას, რომ შემსყიდველი თავად ირჩევს, ვისთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

მცხეთაში ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 25 დეკემბერსაა დაგეგმილი, სწორედ ამ ღონისძიებაზე უნდა იმღერონ მასტერმა და „გუფი ლენდმა“.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა ურთიერთმოლაპარაკების გზით.

„ზემოთ აღნიშნულ შემსრულებლებს გააჩნიათ მრავალწლიანი საშემსრულებლო გამოცდილება. ისინი დიდი სიყვარულით სარგებლობენ მოსახლეობაში. 2024 წლის 25 დეკემბერს უნდა განხორციელდეს ერთდღიანი მომსახურება. შესაბამისად, დარჩენილი პერიოდის განმავლობაში არაგონივრულია ბაზარზე ახალი მიმწოდებლების გაჩენა, რომელიც ასეთი პოპულარობით ისარგებლებს საზოგადოებაში“, – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს.

მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ვინ იმღერებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და რამდენს გადაუხდის მათ „ოცნება“.

შემსრულებლებს შორის არიან ნუცა ბუზალაძე, „ფორტე“ „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, „მიქსტურა“, ზუკა ხუციშვილი, ნიკოლშოუ, „ურსა“, „რეგიონი“ და სხვა.

ნინი ბადურაშვილმა ლაგოდეხში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა. მან „ნეტგაზეთს“ უთხრა: „ უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის“.