სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ბოლო სანქციებზე და თქვა, რომ აშშ აგრძელებს სანქციებზე მუშაობას.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის სამართალდამცველ და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ძალადობაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ძირითადი თავისუფლებების შესაზღუდად”, – აღნიშნა მილერმა.
მილერი მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ რეპრესიებზე, მათ შორის ბოლო დროს გამართული დემონსტრაციების დროს. მისი თქმით, დღევანდელი ნაბიჯი გაგრძელებაა აშშ-ის მიერ გასულ კვირას, ასევე, სექტემბერში გამოცხადებული სანქციების და კოორდინირებულია ბრიტანეთის, ასევე, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბოლო გადაწყვეტილებებთან.
„აშშ მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების განგრძობით სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიის წარმომადგენლებისადმი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვრჩებით ერთგული, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც მონაწილეობდა ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული მომავლის ძირის გამოთხრაში”, – აღნიშნა მილერმა.