გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ჩამონათვალში არიან ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მილერი ლაგაზაური. გაერთიანებული სამეფოს ცნობით, ისინი პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე.
გარდა ამისა, იმავე დღეს აშშ-მა სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძეს. ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაშიც.