შვედეთის საგარეო OSCE/ODIHR-ის ანგარიშზე: არაა ის სტანდარტი, რასაც ველით EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან

პუბლიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბრის არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება და წერს, რომ ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან ელიან.

„OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან“, – წერია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ანგარიშში იმეორებს თავის ადრინდელ მიგნებებსა და დასკვნებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ODIHR-მა დაადგინა, რომ საქმეები არ განიხილებოდა საკმარისად, რაც ზღუდავდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო პროტესტების ძალადობრივმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისადმი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შესახებ.

საქართველოში ODIHR-ის 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულმა მრავალმა საკითხმა უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და საზოგადოებრივ ნდობაზე პროცესის მიმართ.