კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანამდე მან ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა.
ზურაბიშვილის თქმით, „როცა ხელისუფლებისა და არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა“.
„ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც ნდობა არ არსებობს არჩევნების, როდესაც ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია.
ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ამისთვის დავსახეთ, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით, სამართლებრივად, რათა ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცბად დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.
უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მოკლე გზაზე. და მივდივართ მოკლე გზით. ეს არის სიახლე ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნები.
„ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან რომ ვაიძულოთ ივანიშვილი, მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. მე პირადად მზად ვარ რომ შევხვდე მას. მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს”, – თქვა ზურაბიშვილმა.