დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ანგარიში დანიის შეშფოთებას ადასტურებს:
„საქართველოს არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს დანიის შეშფოთებას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართო ხასიათის მქონე დაშინებასა და ხმების ყიდვის შესახებ,” — აცხადებს ლარს ლოკე რასმუსენი.
ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა.