„გირჩი ტვ-ის“ ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში თავს დაესხნენ. „პუბლიკას“ მან უთხრა, რომ შემთხვევა მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ მოხდა და თავდამსხმელი ნიღბით იყო.
„მე ვინც შემხვდა ერთი ადამიანი იყო, მოვდიოდი, მოსე თქვენ ხართო, უკაცრავადო, კი-მეთქი, ნიღაბი რომ ეკეთა მივხვდი, რომ რაღაც საეჭვო ამბავი იყო. ჰო და ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოები აქციაზეო და ხელი რომ გამომიქანა, მე უკვე მანამდე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო კარგად და მზად ვიყავი ამისთვის, თავი გავწიე, ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. რომ გაიქცა აღარ მიმიდევნებია თვალი, იმიტომ რომ ვიფიქრე სხვებიც ხომ არ არიან და მეც სწრაფი ნაბიჯით წამოვედი, რომ კიდევ რამე გაუგებრობა არ მომხდარიყო“, – თქვა გიორგი მოსიაშვილმა.
მოსიაშვილს საგამოძიებო ორგანოსთვის არ მიუმართავს. „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„არა, მე არც ვაპირებ მაგათ [საგამოძიებო ორგანოს] რომ მივმართო, თვითონაც თუ დამიკავშირდებიან უარს ვეტყვი, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში რამე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ასეთ მდგომარეობაში“, – თქვა გიორგი მოსიაშვილმა.