საია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორისაა, 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეთა განხილვა ჭიანურდება. ხსენებულ საქმეთა უმრავლესობაში მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, სასამართლო საქმის განხილვას არ ასრულებს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებით სხდომებს დიდი დროით დებს.
საიას შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისლების ფარგლებში ვერ მოასწროს.
„ბრალდების და სასამართლო ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას”, – წერს საია.
ორგანიზაცია ასევე გამოყოფს საქმეებს, სადაც ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი დაკმაყოფილებული არაა.
„კერძოდ, სსკ-ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი. ბრალდებულთა ნაწილს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე.
პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა (ჯოხები, ბოთლები,მუყაოს ჯოხი, დაუდგენელი მძიმე საგანი), მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან, ასევე არ საუბრობს კონკრეტულ ზიანზე.
ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არაერთი საქმე აქვს, სადაც ანალოგიური ქმედებების განხორციელებისთვის ბრალდებულები სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და მისთვის გაუგებარი იყო, როგორ გამიჯნა ბრალდების მხარემ ხსენებული ქმდებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან. მაგალითად, ქვის ან ჯოხის სროლისას, სად გადიოდა ზღვარი პირის სამართალდაღვევასა და შესაძლო დანაშაულს შორის?!
საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებები საყურადღებოა, არა მხოლოდ, კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის თვალსაზრისით, არამედ იმ რისკების შეფასების ნაწილშიც, რომელთა დროსაც სიხლის სამართლებრივი მექანიზმები ბრალდების მხარის ხელში შესაძლოა იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და აქციის მონაწილეთა დევნის რისკის მატარებლად”, – წერს საია.
საიას განცხადებაში ასევე საუბარია ბრალდებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, ასევე ყურადღებაა გამახვილებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზე.