მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვა მზად არის, „მსურველთა კოალიციას“ შეუერთდეს.
ამის შესახებ მან 26 აპრილს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინულ გუნდთან ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს, ჩვენი ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენ უკვე გავუწიეთ დახმარება, კერძოდ, განაღმვის კუთხით“, – თქვა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კიშინაუ მზად არის, განიხილოს, თუ რა კონკრეტული კონტრიბუციის შეტანა შეუძლია მოლდოვას „მსურველთა კოალიციის“ მუშაობაში.
უკრაინის დასახმარებლად შექმნილი „მსურველთა კოალიცია“, რომელში გაწევრებაც ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული, 2025 წლის მარტიდან მოქმედებს – 2 მარტს ლონდონის სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ შექმნიდნენ დასავლური ქვეყნების კოალიციას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
კოალიციის შეხვედრაში, რომელიც 2026 წლის თებერვალში გაიმართა, 36 ქვეყანა მონაწილეობდა.
კოალიციის წევრმა ქვეყნებმა კოორდინაცია გაუწიეს და უკრაინას მიაწოდეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, არტილერია, ტანკები, დრონები და საბრძოლო მასალა;
დაეხმარნენ ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს, გაევლოთ წვრთნები საზღვარგარეთ – წვრთნები მოიცავს ქვეითთა ტაქტიკას, თანამედროვე იარაღის გამოყენებას და სამეთაურო ოპერაციებს. კოალიციის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ახორციელებს სპეციალიზებულ პროგრამებს (მაგალითად, პილოტებისთვის, ინჟინრებისთვის ან ნაღმებისგან გაწმენდისთვის).
გარდა ამისა, კოალიციის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას გაუწიეს ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა და შეუერთდნენ რუსეთის მიმართ სანქციებს, რომლებიც მიმართულია რუსული ბანკების, ენერგომატარებლების ექსპორტისა და ცალკეული პირების წინააღმდეგ.