პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი, რომლითაც მთავრობაში შემოიღებენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.
სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თანამდებობას სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს, მას შემდეგ, რაც სუსში უფლებამოსილება შეუწყდება.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას და მის ფარგლებს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
„ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას.
ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონპროექტით, მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის ხელფასია გათვალისწინებული.
„კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში აპარატულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, – წერია განმარტებით ბარათში.
სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძის კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში იქნება.
თავის მომავალ თანამდებობაზე და გეგმებზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ 23 აპრილს „იმედის“ ეთერში.
მდინარაძის თქმით, ექნება სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინატორის ფუნქცია და შეეცდება, ამ როლით კიდევ უფრო გააძლიეროს „სამართალდამცველების პოზიტიური დინამიკა“.
მანვე განაცხადა, რომ პოლიციელების დანაშაულის პრევენცია მოხდება და შეიძლება „წარსულითაც დაინტერესდეს“.
„ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის, რომ მაგალითად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები გვქონდა, როცა ჩვენც არ მოგვეწონა რაღაცები. რიგ შემთხვევაში დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს, არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე, […] მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს ჩადის, ისევე მკაცრი უნდა იყო რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცველი მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევისა და დამნაშავის მიმართ. …ბევრი გვიფიქრია ამაზე, ბევრი გვილაპარაკია და გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგიმალოთ.
მაგალითად, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც და როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ახალა კი არ ვამბობ ამას, ადრეც მითქვამს, მაგრამ ჩემი კომპეტენცია ახლანდელიც და ხვალინდელიც მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, რადგან კონკრეტული მაგალითი მკითხეთ, თორემ შეიძლება საერთოდ არ მეთქვა, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე. როცა ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცეპრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის“, – თქვა მდინარაძემ.
პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ მიიღებენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი მამუკა მდინარაძის მიერ სუსის უფროსის თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას.