ექიმის თქმით, დაჭრილი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ რჩება

პუბლიკა

თბილისში დაჭრილი 16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„23 რიცხვში შემოვიდა კისრის მიდამოს ჭრილობით. ოპერაციისას დაფიქსირდა მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანება, კერძოდ, საძილე არტერიის, ლავიწქვეშა ვენისა და ლავიწქვეშა არტერიის. ოპერაციის შემდგომ გადმოყვანილია რეანიმაციაში და რჩება კრიტიკულად მძიმედ, თუმცა სტაბილურად. ერთი ჭრილობა აქვს, კისრის მიდამოში, ასევე მარცხენა წინა მხარეს აღენიშნება ჭრილობები, ხელის მიდამოშიც არის ჭრილობა. სიცოცხლისთვის საშიში რაც არის, ესაა კისრის ჭრილობა“, – განუცხადა ექიმმა სატელევიზიო მედიას.

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

დაჭრილი არასრულწლოვნის დედა მედიასთან აცხადებს, რომ ბრალდებული ერთ-ერთი დაჯგუფების წევრია და შემთხვევის დროს მასთან ერთად სხვა ნიღბიანი პირებიც იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, ბიჭებს შორის პირველად კონფლიქტი 3 წლის წინ მოხდა, რის შემდეგაც მუქარა გრძელდებოდა.

დღეს მან მედიასთან ისაუბრა იმაზე, რაც ნახა გარესათვალთვალო კამერების ჩანაწერში. დედის ინფორმაციით, შემთხვევის დროს 16 წლის ბიჭი ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

„ვხედავ, როგორ ხვდებიან, უკან რომ მისდევენ. გიო [დაჭრილი მოზარდი] გარბის, ერთი მისდევს, მერე ლუკა [დაჭრილი მოზარდის ძმა] რომ ვარდება, ესეც ბრუნდება ძმის ასაყენებლად და ამ მომენტში ჩაიგდეს გიო ხელში. […] 14 წლის ბავშვს დანა ამოუღია და ჩაარტყა საძილე არტერიაში, დაფლითა ბავშვი. რომ მოამთავრა ყველაფერი, კიდევ მიდიოდა დანის დასარტყამად და თანმხლებ ბიჭებს გამოუწევიათ, ნიღბიანებს, აღარ გინდა, უკვე მკვდარიაო“, – განაცხადა მან.

პროკურატურამ მოზარდს ბრალდება უკვე წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს პროკურატურა.