ყაველაშვილის ინაუგურაცია „ქართული ოცნების" პარლამენტში ჩატარდება - ვინ დაესწრება

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტში ჩატარდება.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ყაველაშვილის ინაუგურაცია 11:00 საათზე დაიწყება და, დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდება.

„პუბლიკა” დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს, იმის გასარკვევად, ვინ დაესწრება ყაველაშვილის ინაუგურაციას.

ელჩების მიწვევასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობის და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – სულ 300 პირი.

14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.

ყაველაშვილს 224-მა ხმოსანმა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცესზე განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს, რადგან არ მოსწონს კანდიდატი.