„რუსთაველის მცველებო“, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ, იბრძოლეთ ბოლომდე“ | ვეფხია კასრაძის წერილი საკნიდან

პუბლიკა

საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ „ტვ პირველს” ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ბრძოლა არ უნდა დასრულდეს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი დამსახურებულ გამარჯვებას არ მოიპოვებს.

კასრაძე წერილში საუბრობს მისი თანამესაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე და დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ.

ვეფხია კასრაძის წერილს ციხიდან სრულად გთავაზობთ:

„მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს დაბადებას! დღეს სწორედ რუსთაველზე დგას ის უზარმაზარი გრდემლი, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფარი და მახვილი იჭედება! სადაც საქართველოს ჯაჭვის პერანგი იქსოვება! და იმ ჯაჭვის პერანგის თითოეული რგოლი თქვენ ხართ თითოეული ახალგაზრდა,თითოეული მოქალაქე.

ბრძოლის ცეცხლში გატარებული და საკუთარ სისხლში გაციებული როგორც ფოლადი, ხორუმის ცეკვით რომ ექსოვებით საქართველოს ჯაჭვის პერანგად, ჩვენ აქ გავდივართ წრთობას ციხის კედლებში. ჩვენი სამჭედლოც და გრდემლიც აქ არის. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს გატეხოს ამ მართლაცდა ფოლადის გულა ახალგაზრდების გულები, ესენი საქართველოს ჰგვანან, თავიანთი ბობოქარი უტეხი სულებით. გამორჩეული კაცთმოყვარეობით, მიმტევებლები, არნახული ნიჭიერებით და ზრდილობით, მეგობრობით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით.

განა ასეთი არ არის საქართველო? ეს თაობა აუცილებლად გაარღვევს უკუნს და შეძლებს ძლიერი საქართველოს აშენებას, რაც სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით.

ბედნიერი ვარ, ამ გმირების გვერდით რომ ვარ  და მათი ჭირ-ვარამის მოზიარე ვარ. მათთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ, მათთან ერთად პურს ვტეხ და ლუკმას ვინაწილებთ. ბედნიერი ვარ, რომ მათზე ზრუნვის საშუალება მეძლევა, ვინც ჩემს საკანში იმყოფება.

ეს ჩემი შვილების თაობაა და ვალდებული ვარ ვიზრუნო მათზე აქამდე თუ ხუთი შვილი მყავდა, ახლა 8 შვილის მამა ვარ, ესენი ჩემი შვილები არიან და ყველა ის ახალგაზრდა,რომლებიც სხვადასხვა საკანში იმყოფებიან, ყოველდღე ვკითხულობ მათ ამბებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი სიმტკიცის, კულტურის და მაღალი ზნეობის ამბებს ვიგებ. მათ ყველა თანამშრომლის სიმპათია და პატივისცემა  დაიმსახურეს ამ ერთი თვის განმავლობაში.

თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი შვილებით დედებო და მამებო. ვერც კი წარმოიდგენთ რა კაცები გაუზარდეთ სამშობლოს. ამიტომ გისურვებთ მხნეობას თქვენ და მთელ საქართველოს.

„რუსთაველის მცველებო“, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ. იბრძოლეთ ბოლომდე, არ დათმოთ საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა ყველას, ვისაც გახსოვართ, არ გვავიწყდებით და იბრძვით ყოველდღე ჩვენი თავისუფლებისთვის, რითაც უდიდეს მხნეობას გვმატებთ!

დიდება საქართველოს!

თქვენი თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მალე სანატრელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და როდესაც ერთად ამ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, ამ სიტყვებით მოგმართავთ:

„გეტყვი, რომ მოველ, ბრძოლა ნახული

და სიკვდილამდე თქვენთან დავრჩებით

ხომ ლამაზია მზე გაზაფხულის?

ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების!“, – ნათქვამია წერილში.


ვეფხია კასრაძე 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დაკავებულებს შორისაა. ის 4 დეკემბერს დააკავეს. კასრაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შორისაა.