საქართველოში მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების პრესსპიკერები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული პრინციპების აღსადგენად საჭიროა პლურალისტური პროცესი, რომლის ბოლოსაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება შესაძლებელი.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ქართველების უფლებების შელახვით – ქართველების, რომლებიც მამაცურად გამოდიან ქუჩებში მათი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების” განზრახვა, გაანადგუროს ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეაჩეროს აქციის მონაწილეების დაკავებები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური, რომელიც მკაცრად უნდა იყოს დაცული. ძალადობის ნებისმიერი ქმედება უნდა გამოიძიონ და პასუხისმგებელი პირებს ანგარიშვალდებულება დააკისრონ.
მართებულია, რომ ფედერალური მთავრობა ევროკავშირის დონეზე მიზნობრივ სანქციებს უჭერს მხარს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებზე. უკვე დაწესებულია შესვლის აკრძალვა 9 მთავარ პასუხისმგებლებზე – ჩვენ მივესალმებით, რომ ორმხრივი თანამშრომლობა გადაიხედა და მხარდაჭერის არაერთი ზომა შეჩერდა, ან აღარ იქნა დამტკიცებული.
ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ მათი სწრაფვის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ ქართული სამოქალაქო სექტორის დახმარებას, რომ ქვეყანა კვლავ დაბრუნდეს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე. ახლა საჭიროა პლურალისტური პროცესი, რათა აღდგეს და განმტკიცდეს დემოკრატიული პრინციპები, რის ბოლოსაც თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათ შორის არიან „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) წარმომადგენელი, ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური გაერთიანების“ (CSU) წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) წარმომადგენელი ნილს შმიდი და „ალიანსი 90/მწვანეების“ წარმომადგენელი დებორა დიურინგი.