„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პასუხობს „ამერიკის ხმის“ შეკითხვას, თუ რას იტყვის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ წერილზე, რომელშიც პარტია მას „დეგრადირებულ პოლიტიკოსს“ უწოდებს და ამბობს, რომ უილსონი „დიფ სთეითის“ ნაწილია, საქართველოს „აშანტაჟებს“ და ქვეყნის შესახებ აქტიურობის სანაცვლოდ ფულს უხდიან.
უილსონის თქმით, მისი ინტერესი საქართველოში მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“. — ამბობს კონგრესმენი.
8 იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც კვლავ „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ კონსპირაციებზე ილაპარაკა.
განცხადებაში პარტიამ ისაუბრა ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონზეც, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს პარტიას და რომელმაც იმუშავა როგორც „მეგობარი აქტის“ შედგენასა და მის ინიცირებაზე, ისე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. „მეგობარ აქტს“ „ოცნებამ“ „მტერი აქტი“ უწოდა, ხოლო უილსონზე თქვა, რომ ის არის „დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით”.