სახალხო დამცველი გმობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას. მათ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, – წერია განცხადებაში.