მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ აქვს ადგილი თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას?

პუბლიკა

მამუკა მდინარაძე ეხმაურება TV იმედის მიერ დიტო სამხარაძისა და გიორგი გახარიას შესახებ „შერატონიდან” გავრცელებულ კადრებს და აცხადებს, რომ სამხარაძის რეაქცია იყო „საპასუხო”. ამასთან, ის მოუწოდებს გახარიას, დაფიქრდეს, „ხომ არ აქვს ადგილი თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას”.

„ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო, თუ არ იყო? ხომ იყო ასე. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ანუ, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. რას გვაგუებენ იცით? რაღაცას საკუთარი თვალით რომ ვნახავთ, იმის საწინააღმდეგო მოქმედებებსაც კი, აი, ამას გვაგუებენ და რანაირად ეს ამბავი? ანუ ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე? რანაირი მსჯელობაა? ვის მოსდის ეს აზრად?

[…] გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას? რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ. ანუ, ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან და ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო, თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, 325-ე თუ არ ვცდები და 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს.

საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, ბუნებრივია, ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა სჭირდება და მერე თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა, ადვილია. შენ რომ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. რა ვიცი, ახლა, თავს ხომ არ გაალახვინებ? ვიღაცა თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა, ხომ?”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.

ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.

გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.