„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში შეტანილ ინიციატივას ეხმაურებიან.
განცხადება იწყება დიდი ბრიტანეთის ისტორიული ექსკურსით და აღნიშნულია, რომ „გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.“.
„ოცნების“ პოლიტსაბჭო იხსენიებს ივანიშვილის კონსპირაციას გლობალური ომის პარტიის შესახებ და წუხლის გამოთქვამს იმაზე, რომ ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია“.
„უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს. სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.
„დავიცავთ დემოკრატიას თუ პუტინის მოკავშირეებს ამას შევარჩენთ? აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”, – წერს ის.
„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.
ხოლო საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.