ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ტყეში საბრძოლო მასალის დამალვას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი „პუბლიკას“ ეუბნება, საპროცესოს პირობები მოიცავს 1 წელს რეალურ სასჯელს და 2-წლიან პირობით მსჯავრს.

ადვოკატისვე თქმით, საპროცესო მხოლოდ ბრალის აღიარებას ითვალისწინებდა და ჭულუხაძეს პროკურატურასთან რომელიმე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არ უთანამშრომლია.

ბექა ჭულუხაძეს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას ედავებოდნენ.

სუსის მტკიცებით, „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით ბექა ჭულუხაძეს შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ“.

უწყება ირწმუნებოდა, რომ 4 ოქტომბერს თბილისის მახლობლად ტყეში აღმოაჩინეს „სპეციალურ სამალავში გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.“

ბექა ჭულუხაძე უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველია. მასთან ინტერვიუ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ 15 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინტერვიუში ჭულუხაძე ამბობს, რომ მას აღნიშულ იარაღთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ის ბრალის წარდგენის მომენტში საქართველოში არ იმყოფებოდა. სუსმა 10 ივლისს განაცხადა, რომ ჭულუხაძე სომხეთის საზღვართან ნეიტარალურ ზონაში დააკავეს.