არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია.
ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები)“.
„სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
ქართუ ბანკი;
ფონდი ქართუ;
გალერეა თბილისი;
აქსის თაუერსი;
ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის, ტვ იმედის, მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს;
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები: პარაგრაფი თბილისში, შეკვეთილში და აბასთუმანში და სხვები;
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს;
რუსული კომპანია შპს აკვა სფეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოვურ რეზიდენციებს მართავს.
გაერთიანებულ სამეფოს მკაცრი სასანქციო რეჟიმი აქვს. მის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები აქტივების გაყინვას, ფინანსურ სერვისებზე, რესურსებსა და ბაზრებზე წვდომის შეჩერებას გულისხმობს.
გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ სანქციების დაწესების მოთხოვნის მიზეზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება, დემოკრატიის შელახვა, საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობა და შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები სახელდება“, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.
14-მა დეპუტატმა ბრიტანეთის თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომლითაც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი იყო.
„დავიცავთ დემოკრატიას თუ პუტინის მოკავშირეებს ამას შევარჩენთ? აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევების ხელშეწყობის გამო დაასანქცირა. მე წარვადგინე წინადადება, რომ გაერთიანებულმა სამეფომ იგივე გააკეთოს”, – განაცხადა მან.
გუშინ, 16 იანვარს „ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იხსენიებს ივანიშვილის კონსპირაციას გლობალური ომის პარტიის შესახებ და წუხლის გამოთქვამს იმაზე, რომ ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“ მორიგ სათამაშოდ აქცია“.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა. […]
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს”, – ნათქვამია განცხადებაში.