აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

26 წლის დავით ხომერიკი დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ის 2 დეკემბერს დააკავეს. მას პროკურატურა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

„დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიოს“, – წერდა თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში შსს.

დავით ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„საქმეში არის ვიდეო, სადაც დავით ხომერიკი საერთოდ არ ფიგურირებს, ჩანს უბრალოდ ის, თუ რა ხდებოდა 2 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ. ვიდეოში იდენტიფიცირებადიც არაა, დავითი ნამდვილად ამ ღამეს ან დღეს იმყოფებოდა თუ არა პარლამენტის მიმდებარედ.

ასევე, რომ ვივარაუდოთ, რომ ჩხრეკის ოქმი არის ვალიდური [თუმცა ამას ჩვენ არ ვეთანხმებით], ექსპერტიზის დასკვნაც კი არ ამბობს, რომ ამოღებული ნივთი იყო ასაფეთქებელი ან აალებადი ნივთიერება.

რომც დავეთანხმოთ ჩხრეკის ოქმს, ამოღებული ნივთიერება, არის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი.
დავით ხომერიკი არის ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც სარგებლობდა გამოხატვის თავისუფლებით. ხომერიკი წინა საათებში, დაკავებამდე, იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, სადაც მოაქციეს ალყაში, ხდებოდა იმ მყოფი ადამიანების დევნა, ცემა, არასათანადო მოპყრობა.

ჩხრეკის ოქმით, რომელიც არ არის გამყარებული ნეიტრალური მტკიცებულებით, ამოღებულია ორი მინის ბოთლი მასში სავარაუდოდ განთავსებული ნავთობპროდუქტით, მას ედავებიან, რომ ეს ჰიპოთეზურად იყო „მოლოტოვის კოქტეილი” და რომ მას ჰქონდა მიზანი, რომ ეს გამოეყენებინა პოლიციელების წინააღმდეგ”, – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატი ანა გაკოხიძე.