„გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული”, – ამ და სხვა სოციალური სახის მოთხოვნებით „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა.
„ვიკავებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე.
დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე, სადაც ხდება სემესტრული სწავლების შეფასება და დასრულება.
ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას ღია საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა.
ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება, რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა დამატებითი სემესტრისა და მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე.
სტუდენტებს არ აქვს სოციალური დაცვის საშუალებები, საუნივერსიტეტო გადასახადები, სტუდენტური საცხოვრებლის არ ქონა და დაბალი სტიპენდია სულს უხუთავს.
სახელმწიფოში არსებობს საგანმანათლებლო, ფინანსური, სატრანსპორტო, ბიუროკრატიული ცხოვრების წესები, რომლებიც ადგენენ და განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. იქმნება სისტემური და ერთმანეთთან დაკავშირებული რეალობა, რომლის წყობიდან გამოყვანა არის ბერკეტი წინააღმდეგობისთვის.
ამიტომაც ეს პრაქტიკა არის შეუცვლელი პროგრესული მოთხოვნებისთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ათასობით ბავშვის, სტუდენტისა თუ მშრომელის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
ეს წინააღმდეგობა არის კონკრეტული ფორმითა და შინაარსით.
ხელს ვუშლით სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და დღის წესრიგში ვაყენებთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებს.
ჩვენ მოვითხოვთ:
– გათავისუფლდნენ სტუდენტები და ყველა დაკავებული;
– საერთო სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას;
– სტიპენდიის საცხოვრებელ ხელფასამდე გაზრდას;
– განათლებისთვის დაფინანსების გაზრდას და მაღალი ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას.მოვუწოდებთ სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ ბრძოლაში, რომელიც ათასობით სტუდენტს გადაარჩენს უბინაობისა და უსახსრობისგან, რაც მათ სჭირდებათ ცხოვრებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.